ნეტგაზეთი | საქართველო-უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა კარგი შესაძლებლობაა — ლანდსბერგისი საქართველო-უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა კარგი შესაძლებლობაა — ლანდსბერგისი – Netgazeti
RU | GE  

საქართველო-უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა კარგი შესაძლებლობაა — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუსს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ახლა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე “ახალი თავის გასახსნელად”. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-ს” ბრიუსელში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საკუთარი ლიდერობა კარგად გამოიყენოს.

“ახლა ძალიან კარგი შესაძლებლობა გაქვთ, აჩვენოთ პროგრესი რეფორმებში, პოლიტიკური თანხმობა ქვეყანაში და ეს შესაძლებელს გახდის, გაიხსნას ახალი თავი საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს გარკვეული იდეები, თუ როგორ შეიძლება პროექტი მუშაობდეს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიყავი ვიზიტით და მათი სურვილია, ეს ფორმატი იყოს მოქმედი და მუშაობდეს. ამ მხრივ, ჩემი აზრით, საქართველოს ლიდერობის საჭიროებაა. განსაკუთრებით ამ რეგიონში, რადგან საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რეფორმებით და პოლიტიკური სისტემით მთლიანობაში. ასე რომ, ვფიქრობ, ბევრის სწავლა შეიძლება საქართველოსგან და ეს ლიდერობა შეიძლება კარგად იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში”, — განაცხადა ლანდსბერისმა[რუსთავი 2-ის თარგმანი].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი