ახალი ამბები

არ შევადარებ ვაშაძეს სამადაშვილს, სამადაშვილის სასარგებლოდ – მელია

10 მაისი, 2021 • 2210
არ შევადარებ ვაშაძეს სამადაშვილს, სამადაშვილის სასარგებლოდ – მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ სალომე სამადაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს ერთმანეთს ვერ შეადარებს – „სალომე სამადაშვილის სასარგებლოდ“.

ციხის დატოვების შემდეგ ნიკა მელიას „მთავარი არხის“ ეთერში ჰკითხეს, რას ფიქრობს სალომე სამადაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეზე. სამადაშვილმაც და ვაშაძემაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, თუმცა ენმ-ს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

მელია იხსენებს, რომ სალომე სამადაშვილთან შეხვედრა ციხეშიც ჰქონდა და ბევრ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს კიდეც.

„ის, რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რადგან ძალიან განვიცადე, თუმცა ამის გამო ადამიანის მტრად გამოცხადება არ შეიძლება.

ხომ იცით, ინგლისელები ამბობენ divorce is better than unhappy marriage [თარგმ. განქორწინება უკეთესია, ვიდრე უბედური ქორწინება], თუ პარტიაში ბედნიერად ადამიანი ვერ გრძნობს, ბუნებრივია, სჯობია, ცივილურად.. ჩვენი გზები არათუ გაიყო, არამედ დაშორდა დროებით. დარწმუნებული ვარ, მიზანი იგივე დარჩება“, – აცხადებს მელია.

მელიას თქმითვე, რომ არა პატიმრობა – „დარწმუნებული ვარ ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა. თუ გარეთ ვიქნებოდი, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებოდი და ბევრი რამ სხვაგვარად წარიმართებოდა – ერთი, მოლაპარაკების პროცესი სხვანაირად წარიმართებოდა, მეორე, უბრალოდ ურთიერთობებს გავუფრთხილდებოდი,“.

„მე არ შევადარებ გრიგოლ ვაშაძეს სალომე სამადაშვილს, სამადაშვილის სასარგებლოდ. არანაირად არ შევადარებ, ახლოსაც არ გავავლებ. იცით, რატომ? სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება იმ მომენტში შეიძლება ბევრმა მიიღო ისე, როგორც მიიღო და იყო ამის საფუძველი მათთვის, მაგრამ მას ეს არ დაუმალავს. მან ეს თქვა, ისაუბრა პარტიაში. რასაც ვიცნობ – ასეთია“, – ამბობს მელია.

ამის საპირისპიროდ მელია ჰყვება, რომ გრიგოლ ვაშაძეს არავინ გაუფრთხილებია წასვლასა და ხელმოწერის შესახებ:

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, პარტიაში თუკი ვინმე.. არ მინდა გავაკრიტიკო, არც გავაკრიტიკებ, უბრალოდ ჩემს ვიტყვი, არაფერი უთქვამს, არც წასვლაზე, არც განცხადების გავრცელებაზე.. როგორ შევადარო სალომე და გრიგოლი? პარტიის თავმჯდომარე ინგლისურად მიდის..“, – ამბობს ის.


სალომე სამადაშვილმა, რომელიც ოფიციალურად “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია თავად “ნაციონალურ მოძრაობას”. სამადაშვილის თქმით, ის პარტიას ოფიციალურად დატოვებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს – ვაშაძემ, რომელიც ენმ-ის თავმდჯომარედ 2019 წელს აირჩიეს, წელიწად-ნახევარში პარტია დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ფეისბუკზე განაცხადა, დამატებითი დეტალების გარეშე.

თუმცა უკვე 2021 წლის 20 აპრილს გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ ასევე:

სამადაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტნიორებად მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პროდასავლელებს მოიაზრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი