ახალი ამბები

“მიტროპოლიტის რეზიდენცია კლიმენტი კეკუტიას სახსრებითაა გაკეთებული” — მიტროპოლიტი სტეფანე

10 მაისი, 2021 • 1056
“მიტროპოლიტის რეზიდენცია კლიმენტი კეკუტიას სახსრებითაა გაკეთებული” — მიტროპოლიტი სტეფანე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას, რომლის გამოჩენამაც რამდენიმე კვირის წინ სალხინოს ეკლესიასთან დაპირისპირება მოჰყვა, რამდენჯერმე შეხვედრია, თუმცა მისი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი იცის.

მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ კეკუტია, მისი ინფორმაციით, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას ეხმარებოდა და მიტროპოლიტის რეზიდენცია სწორედ მისი სახსრებითაა აშენებული:

“კეკუტია ზოგადად ვინ არის, მე პირადად კონტაქტი არ მქონია. რამდენჯერმე შემხვდა თავის ინიციატივით და მელაპარაკა, მაგრამ ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც არ იყო, ზოგადი ხასიათის იყო. მე არც მისი საქმიანობის ვიცი არაფერი. ვიცი, რომ მეუფე პეტრეს ეხმარებოდა და ეს რეზიდენცია მისი სახსრებითაა გაკეთებული”, — ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.

25 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან დაძაბულობა იყო. სალხინოს ეკლესიასთან პერიოდულად მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურადაც უპირისპირდებოდნენ.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ განდევნილი მღვდლების მრევლი და მხარდამჭერები მივიდნენ. ტაძართან მყოფი სასულიერო პირები და მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ დაძაბულობა ადგილობრივი ბიზნესმენის – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამაც გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი