ახალი ამბები

ევროკავშირი მელიას პოლიტპატიმრობას არ აღიარებს, უბრალოდ, გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად – ელისაშვილი

10 მაისი, 2021 • 2788
ევროკავშირი მელიას პოლიტპატიმრობას არ აღიარებს, უბრალოდ, გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სჯობდა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს ადრე დათანხმებოდა.

“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა ჩვენთვის და ევროკავშირისთვის, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მელიას პოლიტპატიმრობას არ აღიარებს და უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად.

“ევროკავშირი არც პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნელსონ მანდელობას ნიკა მელიასი. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა”, — განაცხადა ელისაშვილმა.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში ევროკავშირის შემოთავაზებულ წინადადებებს შორის იყო ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდება, რომელსაც ევროკავშირი გადაიხდიდა. ევროკავშირმა მელიას გირაო, 40 ათასი ლარი, 8 მაისს გადაიხადა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი