ახალი ამბებირეკლამა

ქართველი ავტორებისთვის სარეზიდენციო პროგრამები გამოცხადდა

10 მაისი, 2021 • 1829
ქართველი ავტორებისთვის სარეზიდენციო პროგრამები გამოცხადდა

1 წლით თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში მკითხველებისთვის, ავტორებისა თუ გამომცემლობებისთვის ქალაქში უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რისი ძირითადი მიზანიც წერის, კითხვისა და წიგნის პოპულარიზაცია იქნება.  

ამჯერად ყურადღებას ქართველი და უცხოელი მწერლებისთვის განკუთვნილ სარეზიდენციო პროგრამებზე შევაჩერებთ.

დამღლელი სამსახური, საღამოს სახლი და ოჯახის წევრები, ჩართული ტელევიზორი, მიმსვლელ-მომსვლელი და ხმაური – ასეთია ჩვენი ყოველდღიურობა ძირითადად, რაშიც ურთულესია ავტორმა იპოვოს თავისუფალი დრო მშვიდად წერისთვის.

სწორედ მათ მხარდასაჭერად „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში აცხადებს სარეზიდენციო პროგრამას ქართველი ავტორებისთვის. მათ 15 ან 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში განმარტოვდნენ და მშვიდად წერონ.

მეორე, გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გულისხმობს თანამედროვე უცხოელი ავტორების საქართველოში ვიზიტს და სანაცვლოდ ქართველი ავტორების უცხოეთში გამგზავრებას. თბილისი უცხოელ ავტორებს უმასპინძლებს ესპანეთიდან, უკრაინიდან, პორტუგალიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან.  

ავტორებისთვის განკუთვნილი სარეზიდენციო და გაცვლითი პროექტების შესახებ ,,ნეტგაზეთს“ ესაუბრნენ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის კოორდინატორი ლუკა გრიგოლია.

გვანცა, სწორედ თქვენი ასოციაციის იდეა იყო ქართველ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის განხორციელება „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში. რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის, მით უფრო პანდემიაში, მსგავს შესაძლებლობას?

ასეთი პროგრამებით ქართველი მწერლები არ არიან განებივრებულები. მთელ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსებობს უცხოელი ავტორებისთვის და კარგი იქნება ჩვენთანაც უფრო ხშირად ცხადდებოდეს ჰონორარიანი სარეზიდენციო კონკურსები. ეს მწერლებისთვის დიდი მხარდაჭერაა – მით უმეტეს, რომ ჩვენთან წიგნის ბაზარი ძალიან პატარაა და რთულია ავტორმა ჰონორარით და წიგნის გაყიდვის წილით იარსებოს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დონეზე ჰქონდეს მხარდაჭერა ასეთ ინიციატივებს. პანდემიის რთულ პირობებში სალიტერატურო სივრცეშიც ბევრი პრობლემაა. მწერლებს სჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა. გვიხარია, რომ რამდენიმე მათგანს მაინც ცოტა ხნით წერისთვის საჭირო პირობებს შევთავაზებთ. 

რა უნდა წარმოადგინონ კონკურსზე ავტორებმა, რამდენი ქართველი ავტორი და რა პრინციპით შეირჩევა სარეზიდენციო პროგრამისთვის?

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა ქართველ მწერალს შეუძლია, ვისაც გამოცემული აქვს თუნდაც ერთი საავტორო წიგნი. განაცხადი შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერ ჟანრში მომუშავე მწერალმა. კონკურსზე წარმოსადგენ დოკუმენტაციაში უნდა იყოს აღწერილი წიგნის კონცეფცია, რაზე მუშაობასაც ავტორი სარეზიდენციო პერიოდში გეგმავს. 

გვაქვს პრიორიტეტები, რაც ჟიურის გაუადვილებს შერჩევის პროცესს, ეს პრიორიტეტებია რომანის ჟანრი, საყმაწვილო ლიტერატურა და ლიტერატურული კრიტიკა. გადავწყვიტეთ ეს კონკრეტული ჟანრები წაგვეხალისებინა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ჟანრში წარმოდგენილი წიგნების კონცეფცია არაკონკურენტუნარიანი იქნება და ვერ შეძლებს გამარჯვებას. გვყავს ჯერჯერობით საიდუმლო 5-კაციანი ჟიური. წიგნის კონცეფციასთან ერთად მწერლებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ბიოგრაფია და ტექსტის ნიმუში წიგნიდან, რის დაწერასაც აპირებენ – ჟიურისთვის ეს მნიშვნლოვანი იქნება ტექსტის ლიტერატურული ღირებულების განსასაზღვრად.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ასევე გაფორმებული ხელშეკრულება რომელიმე ქართულ გამომცემლობასთან, სადაც მითითებული იქნება, რომ სარეზიდენციო პერიოდში დაწერილი წიგნი აუცილებლად გამოიცემა 2022 წლის 23 აპრილამდე, იმ დრომდე სანამ ჩვენ ვართ წიგნის მსოფლიო დედაქალაქი. ერთგვარი გარანტია გვჭირდება, რომ ტექსტი, რაზეც მწერალი ჩვენი ხელშეწყობით იმუშავებს, ნამდვილად დაიბეჭდება და მივა მკითხველამდე.

როგორც გვანცა ჯობავამ გვითხრა: 

  • ავტორებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სარეზიდენციო პერიოდი, რაც მოიცავს 15 ან 30 დღეს;
  • კონკურსით შეირჩევა 5, 10 მწერალი იმის მიხედვით, თუ ვინ რა ხანგრძლივობის სარეზიდენციო შეთავაზებას აარჩევს;
  • შეირჩევა 5 სარეზიდენციო ქალაქი ავტორების განსათავსებლად პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე;
  • სრულად იქნება უზრუნველყოფილი ავტორებისთვის საცხოვრებელი ადგილი სასტუმროში, კვების ჩათვლით;
  • ჰონორარი ერთთვიანი რეზიდენციის შემთხვევაში 1875 ლარია (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ორკვირიანი რეზიდენციის შემთხვევაში ეს თანხა ნახევრდება; 

ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამის დედლაინი 15 მაისია. ამ დრომდე აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი. 

პროგრამის გამარჯვებულ ავტორებს ივნისის დასაწყისიდან გამოავლენენ. 

„არ გვაქვს მოლოდინი და არც აუცილებლობაა, რომ პროგრამით გათვალისწინებულ სარეზიდენციო დროში სრულად დაწეროს რომელიმე ავტორმა ტექსტი, მაგრამ გვინდა ამ პერიოდით, უბრალოდ, ხელი შევუწყოთ მათ და შევუქმნათ წერისთვის შესაფერისი გარემო“, – ამბობს გვანცა ჯობავა.  

,,თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ავტორების მეორე სარეზიდენციო პროგრამა მწერლების გაცვლას გულისხმობს.

გაცვლითი პროგრამის კოორდინატორია ლუკა გრიგოლია. პროგრამის დეტალები ახლა ზუსტდება. ცნობილია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან 10, 15 ავტორი ეწვევა საქართველოს 2022 წლის აპრილამდე, სანაცვლოდ კი ქართველი ავტორები გაემგზავრებიან უცხოურ სარეზიდენციო ცენტრებში. 

„პირველ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ესპანეთთან, პორტუგალიასთან, უკრაინასა და შვეიცარიასთან. ხშირად არის, რომ უცხოური სარეზიდენციო პროგრამები თავად გვთავაზობენ ავტორებს, ვის გამოუშვებენ აქ ან ხანდახან ჩვენ ვეპატიჟებით ჩვენთვის საინტერესო ავტორებს.

ქართველი ავტორები კონკურსით შეირჩევიან. შედგება სია ავტორებისა, ვისაც სჭირდება რამდენიმეკვირიანი მუშაობა საზღვარგარეთ, სამოტივაციო წერილი იქნება საჭირო, სივი – რა გამოუქვეყნებიათ აქამდე და სინოფსისი წიგნის ან ნაშრომის, რაზეც აპირებენ სარეზიდენციო ცენტრებში მუშაობას.

კონკურსის მონაწილე ავტორებს  ინდივიდუალურად შევურჩევთ მათთვის საინტერესო სარეზიდენციო პროგრამებსა და ქვეყნებს“, – ამბობს ლუკა გრიგოლია.

უცხოელი ავტორების სამყოფელი თბილისის მწერალთა სახლი იქნება. ისინი სხვადასხვა პერიოდში ჩამოვლენ საქართველოში წლის განმავლობაში მათთვის მოსახერხებელი დროის შესაბამისად.

უცხოური სარეზიდენციო პროგრამები თავად სთავაზობენ განთავსების თარიღებს ქართველ ავტორებს. მაგალითად, შვეიცარიის პროგრამა მოქმედებს მთელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ან ოქტომბერი… რეზიდენტებს ყოველი თვის დასაწყისში იღებენ და ა.შ. 

როგორც ლუკა გრიგოლია ამბობს, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ეწვევა ბრიტანელი ავტორი კლერ ლუიზ ბენეტი, რომელსაც 5, 6 წლის წინ ჰქონდა დებიუტი და მის ტექსტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უცხოეთში გასამგზავრებლად დაახლოებით 10 ქართველი ავტორი შეირჩევა, ისინი წინასწარ შეთანხმებულ ნაშრომებსა და სხვა ტიპის ტექსტებზე იმუშავებენ. საქართველში ჩამოსული უცხოელი ავტორები კი წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის საინტერესო თემებზე, შეხვედრებს გამართავენ ქართველ გამომცემლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი