ახალი ამბები

ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია – EU-ს წარმომადგენლობა

8 მაისი, 2021 • 1546
ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია  – EU-ს წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებად გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.

წარმომადგენლობის ცნობით თანხა ორგანიზაციამ “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” გამოყო, ხელისუფლებას კი აღნიშნული თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გადასცა.

“ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურაში კი “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ თანხის ჩარიცხვა ამ დრომდე [16:20] ოფიციალურად არ დაფიქსირებულა და შესაბამის პროცედურებს შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით, ჩარიცხვის დაფიქსირების ან ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაიწყებენ.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ 26 აპრილს, ციხიდან განცხადება გაავრცელა. ის მზადყოფნას გამოთქვამდა, გირაოს გადახდაზე, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდებოდა ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხებოდა.

მელია სთხოვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, არ მიეღოთ მონაწილეობა “ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია”.

მელიას თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს და მოქალაქეებზე იძალადეს.

გუშინ, 7 მაისს კი ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია ევროკავშირის გირაოზე თანახმა იყო და ის ძალიან მალე გათავისუფლდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი