ახალი ამბები

პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო

7 მაისი, 2021 • 1620
პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ადმინისტრაციულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სანქციები მკაცრდება, ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც.

“პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას, თუმცა, მეორეს მხრივ, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც. ამ კუთხით ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფად. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიუხედავად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციის არგუმენტებს ეთანხმება, რომ “ასეთი კანონპროექტის გამოტანა პირველივე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახლად მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას”. ზურაბიშვილის თქმით, ის ასევე იზიარებს იმ აზრსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის შემდეგ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, სრულყოფილად ჩაერთონ პარლამენტის სამუშაო პროცესში.

“ეს პროცესი [კანონპროექტის მიღება], ჩემი აზრით, მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მეტ კომუნიკაციას ასევე საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები ჩვენი მოქალაქეების მიერ ბოლომდე გაგებული და გაზიარებული ყოფილიყო. კომუნიკაციის ნაკლებობა საკითხებში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ ბადებს უნდობლობას. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების გაცვლის თანაბარ შესაძლებლობებს. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება “შეიძლება უდროოდ იყოს მიჩნეული”.

აღნიშნულ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ოპოზიცია ითხოვდა. პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებოდა. დღეს, 7 მაისს კი, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც იმყოფებოდა. თუმცა შეხვედრის შემდეგ არც გომელაურს და არც ზურაბიშვილს არ გაუკეთებიათ კომენტარები, თუ რას ეხებოდა შეხვედრა კონკრეტულად. დღესვე პრეზიდენტთან მივიდნენ “ქართული ოცნების” წევრები, მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:

  • მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის;
  • იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ და აცხადებდნენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

მეორე და მესამე მოსმენა ერთ დღეს, 29 აპრილს გაიმართა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები.

ოპოზიციის თქმით, მიღებული ცვლილებები 19 აპრილს შარლ მიშელის ეგიდით გაფორმებული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტს მიღებულ ცვლილებაზე ვეტო უნდა დაედო.  ამასთან, ცვლილებების მიღების გამო “ქართული ოცნება” გააკრიტიკა აშშ-ს საელჩომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი