ნეტგაზეთი | გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის დაუშვეს გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის დაუშვეს – Netgazeti
RU | GE  

გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის დაუშვეს

გერმანიაში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაზე მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პრეპარატით იმუნიზაცია მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებოდათ.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ინექციებს შორის ინტერვალს შეეხება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ აღარ მოიცადონ 12 კვირა პირველი ინექციიდან მეორემდე და ვაქცინის მეორე დოზა პირველიდან 4 კვირაშიც გაიკეთონ.

ასაკობრივი შეზღუდვა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მას შემდეგ დაწესდა, რაც ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაასკვნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ამ ვაქცინის “ძალიან იშვიათ” გვერდით მოვლენებს შორის უნდა იყოს შეყვანილი თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი.

შემთხვევათა უმეტესობა 60 წლამდე ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. ამჟამინდელი მტკიცებულებების საფუძველზე, კონკრეტული რისკფაქტორები დადასტურებული არ არის.

ამავე დასკვნაში ევროპის წამლის სააგენტომ აღნიშნა, რომ კორონავირუსის რისკები ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილთან არის დაკავშირებული. დაფიქსირებული თრომბისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაცია ძალიან იშვიათია, ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19–ის პროფილაქტიკაში კი გვერდითი მოვლენების რისკს აღემატება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.