ახალი ამბები

ადმინისტრაციულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტი ოპოზიციის ნაწილს ხვდება

6 მაისი, 2021 • 991
ადმინისტრაციულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტი ოპოზიციის ნაწილს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნაწილს ხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, შეხვედრებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები განიხილება. მათივე ცნობით, ზურაბიშვილი გუშინ, 5 მაისს, შეხვდა “გირჩისა” და “მოქალაქეების” წარმომადგენლებს. დღეს ის ასევე შეხვდა სალომე სამადაშვილსა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. შეხვედრა დაგეგმილია “ლელოს” წევრებთანაც.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამადაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტს ესაუბრა კანონში შესული ცვლილებებისთვის ვეტოს დადების აუცილებლობაზე.

“გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ მიმაჩნია სწორი, რომ ვეტოს გამოყენების გზით მოხდეს ამ კანონპროექტის პარლამენტში თავიდან განხილვა და ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა. ასევე გვქონდა საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. უფრო კარგი იქნებოდა ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა ამ კანონის ამუშავება. შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწიოს თავიდან განიხილოს ეს ცვლილება”, — აცხადებს სამადაშვილი.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე ვაშაძემ ცვლილებებს ანტიდემოკრატიული უწოდა. მისივე თქმით, მიესალმება, თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს:

“ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად გამოეხმაურნენ და ჩვენი ინიციატივით პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ ვეტო დაედო. ეს არის ჩვეულებრივი სასჯელი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში. მივესამლები, თუ ვეტოს დაადებს პრეზიდენტი და ეს პირველი პრეცედენტი იქნება.

მეორე, რომ პარალელურად ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ თუ ეს არ გავიდა, აუცილებლად დავარეგისტრირებთ კანონს, რომლის ერთადერთი მიზანიც იქნება, დავაბრუნოთ ძველი ნორმები [კანონში], ის, რაც იყო”,—აცხადებს ვაშაძე.

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:

  1. მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის;
  2. იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

მეორე და მესამე მოსმენა ერთ დღეს, 29 აპრილს გაიმართა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები.

რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი