ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე

26 აპრილი, 2021 • 3113
რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გამკაცრებას გეგმავს.

შესაძლო ცვლილებებს აქტივისტურ წრეებში მიიჩნევენ, რომ სანქციების გამკაცრება დემონსტრაციების წინააღმდეგ არის მიმართული, რათა პროტესტის გამოხატვის სურვილი ჩაახშონ.

უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ეს ნაბიჯი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებაში თვითცენზურას გამოიწვევს.

ამასთან, ორგანიზაციების ნაწილი კიდევ ერთხელ მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეალური რეფორმის საჭიროებაზე და აცხადებს, რომ კოდექსის არსებული ფორმაც კი უკვე გამოიყენება გამოხატვის უფლების შესაზღუდად.

რა ხდება?

საქართველოს პარლამენტში 26 აპრილს დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობაზე და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა ან შეურაცხყოფაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამკაცრებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (ასკ-ში) შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორად უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილია მითითებული, ინიციატორებად კი, ის და მისი თანაგუნდელი კიდევ 7 დეპუტატი.

წვრილმან ხულიგნობას ასკ-ის 166-ე მუხლი ითვალისწინებს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას კი- 173-ე მუხლი. ამჟამად სანქციები ასეთია:

  • 166-ე მუხლის დარღვევა ჯარიმდება 500-დან 1000 ლარამდე თანხით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით;
  • 173-ე მუხლის დარღვევა ჯარიმდება 1000-დან 4000 ლარამდე თანხით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტით ეს სანქციები ასე მკაცრდება:

  • 166-ე მუხლის დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება 1000 ლარით — გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 1500-დან 2000 ლარამდე;
    • მართალია, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 15 დღე რჩება, თუმცა, თუკი აქამდე პატიმრობის მინიმალური ვადა გაწერილი არ იყო, ახლა ეს ვადა მინიმუმ 7 დღე იქნება;
  • 173-ე მუხლი მთლიანად ახალი რედაქციით ყალიბდება და გათვალისწინებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა პირველ ჯერზე დაისჯება  2000-დან 3000-მდე ლარამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით;
    • განმეორებითი სამართალდარღვევა კი უკვე 3500-დან 4500-მდე ლარს გაითვალისწინებს სანქციის სახით, ასევე, 10-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას;
    • თანხის ქვედა ზღვარი ამ მუხლთან მიმართებაშიც აწეულია (1000-დან 2000-მდე) პირველივე ჯერზე, მეორე ჯერზე კი ადმინისტრაციული პატიმრობის დღეების ზღვარი (შესაძლო 1-დან 10 დღემდე).
დამატებითი განმარტებები

166-ე მუხლით წვრილმანი ხულიგნობა განსაზღვრულია, როგორც „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“.

173-ე მუხლი კი, სრული ფორმულირებით, ითვალისწინებს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენას“.

„არ მიიღოთ ცვლილებები“ — არასამთავრობო

ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, დასახელებით „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“, 26 აპრილსვე გაავრცელა განცხადება, რომლითაც პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღონ ეს ცვლილებები და ეს მოწოდება ასე დაასაბუთა:

„დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და სამომავლოდ დაანონსებული პროტესტების ფონზე, წვრილმანი ხულიგნობისთვისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თვითცენზურის დაწესებას“.

„დემოკრატიის ინდექსის“ თანახმადვე, პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეების მიმართ დაუსაბუთებლად გამოყენების მრავალი შემთხვევის ფონზე, „მკაცრი სანქციის შიშით მოქალაქეებს არსებითად ეზრდებათ მოტივაცია, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან ან მონაწილეობის შემთხვევაში საკუთარი პროტესტის თუნდაც კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატვისგან“.

რას ამბობენ პოლიტიკური აქტივისტები

თამარ კაკაბაძე 2019 წლის დეკემბერში თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. კუხიანიძემ წინა დღით ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა ფეისბუკზე [შემდეგ მან ბოდიში მოიხადა], რასაც დემონსტრაცია მოჰყვა. კაკაბაძე დაკავების ეპიზოდს ასე იხსენებს:

„მე იმ დღეს „ლაივში“ ვიყავი, ხმა არ ამომიღია იმ აქციაზე. ერთ მომენტში ცუდად გავხდი, მიწაზე დავჯექი. მაშინ გავიგე პოლიციის უფროსის ხმა, ეს დააკავეთო და დამაკავეს კიდეც. არც ჩემ დამკავებელ პოლიციელს არ უთქვამს, რომ მე წინააღმდეგობას ვუწევდი, არც კადრი ყოფილა შესაბამისი, არც ჩემი უხამსი გამონათქვამის კადრი არსებობდა, მაგრამ მოსამართლემ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ დაედასტურებინა შსს-ს პოზიცია და გადაწყვეტა, რომ 1000 ლარით დავეჯარიმებინე“, — ამბობს იგი და დასძენს:

„ეს არის ორი შაბლონური მუხლი, დაკავების ოქმებიც რომ ნახოთ, ყველას ერთი და იგივე უწერია“…

იმ დღეს კაკაბაძესთან ერთად დააკავეს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეც. მათ სწორედ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ.

აქტივისტი პარლამენტთან სკანდირებდა — ის დააკავეს

თამარ კაკაბაძე, რომელიც ამჟამად ელენე ხოშტარიას მოძრაობა „დროას“ აქტივისტია, კიდევ ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს: „ნოდარ რუხაძეს, რომელიც პარლამენტთან იდგა მარტო რუპორით ხელში და ორივე ეს მუხლი წარუდგინეს“.

ნოდარ რუხაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტია, რომელიც 2021 წლის 23 თებერვალს დააკავა პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე. როგორც „სირცხვილიას“ გადაღებულ კადრებში ჩანს, რუხაძე მარტო იდგა პარლამენტის ერთ-ერთ ჭიშკართან და ხელისუფლების წინააღმდეგ სკანდირებდა.

„სამარცხვინო მონებო… ღარიბაშვილო, შენ არ იმსახურებ, ახლა იდგე იქ და პატივს სცემდე იმ ადამიანების ხსოვნას, რომელთაც საკუთარი თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, — სკანდირებდა იგი.

ცოტა ხანში მასთან თბილისის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მივიდა და მოუწოდა, გზიდან გადასულიყო. რუხაძემ პოლიციელს უპასუხა, რომ ადგილს შეიცვლიდა, როდესაც პარლამენტის ჭიშკარი გაიღებოდა. ამ მომენტში ის ჯერ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დააკავეს. რუხაძე სასამართლომ იმავე დღეს 2000 ლარით დააჯარიმა. მასაც ასდ-ის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ.


„ეს არის უბრალოდ შაბლონი, რომელსაც ყველა აქტივისტის მიმართ იყენებენ და დევნის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ისინი აძლიერებენ აქტივისტებზე ზეწოლას, მათ დევნას. ეს გადაწყვეტილება რეპრესიული მექანიზმის გაძლიერებაა“, — მიიჩნევს თამარ კაკაბაძე.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში პარლამენტის დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს პოლიტიკური აქტივისტი გიორგი მუმლაძეც, რომელიც თვეებია, პარლამენტთან გაშლილ კარვებში აპროტესტებს არჩევნების შედეგებს:

„ეს პირდაპირ არის მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ პროტესტი და მაქსიმალურად დათესონ შიში აქტივისტებში. იმის ნაცვლად, რომ ამ მუხლების სანქციები პირიქით, შემცირებულიყო, ამ ზომების გამკაცრება არის უკან გადადგმული ნაბიჯი“, — ამბობს იგი. მუმლაძე, სულ მცირე, 5-ჯერ დააკავეს 2021 წლის იანვრის შემდეგ.

„სისტემური პრობლემები“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია-ს) სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბოს, რომ საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი და სისტემური პრობლემა, რომელთა გამოსწორებაც ცალკეული ცვლილებებით არ ამართლებს.

„წლების განმავლობაში არაერთი ცვლილება უნახავს ამ კოდექსს, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა, რაც გააუმჯობესებდა სტანდარტებს, რითაც უნდა იხილებოდეს ამ ტიპის საქმეები“, — ამბობს ქურდოვანიძე.

მისი თქმით, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ პოლიციელები ხშირად დაუსაბუთებლად აკავებენ პირებს ადმინისტრაციული წესით და შემდეგ სასამართლოში არ ხდება საქმის განხილვა სათანადო სტანდარტით.

„კერძოდ, მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება სათანადოდ და სასამართლო მხოლოდ პოლიციელების ახსნა-განმარტებებს იზიარებს ხოლმე“, — უთხრა ნეტგაზეთს იურისტმა.

ნონა ქურდოვანიძე, საიას იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე

„ამ პირობებში სანქციების დამძიმება გაურკვევლობას იწვევს, რადგან ნათლად ჩანს, თუ რა არის ამის მოტივაცია, რატომაა ეს ცვლილებები გამართლებული. ამის ლოგიკური ახსნა არ მოგვისმენია ამ დრომდე და ეს რომ რაიმე შედეგს გამოიწვევს სამართალდარღვევების შემცირების თვალსაზრისით, არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გათვლებზე“, — მიიჩნევს ის.

პარლამენტის დასაბუთება

პარლამენტის საიტზე ატვირთულ განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ახლავს თან, ვკითხულობთ, თუ როგორ ასაბუთებს ავტორი, ანრი ოხანაშვილი ცვლილებების ინიცირებას:

„სტატისტიკური მონაცემებიდან ნათელია, რომ ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი სახდელის ზომა ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას. აღნიშნული სამართალდარღვევები ხელყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მმართველობის წესს“.

იქვე დეპუტატს მოჰყავს 2018-2019 წლების სტატისტიკა:

  • 166-ე მუხლით სამართალდარღვევათა რაოდენობა 2018 წელს იყო 4452, 2019 წელს- 5175,  2020 წელს კი -3452;
  • 173-ე მუხლით სამართალდარღვევათა რაოდენობა 2018 წელს იყო 4761, 2019 წელს- 5801, ხოლო 2020 წელს — 4201…

„იგივე არგუმენტები აქვთ“

ნონა ქურდოვანიძე, საია-ს სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი იხსენებს, რომ ორივე მუხლზე სანქციები 2018 წლის ცვლილებების შედეგად გაიზარდა და „მაშინაც შსს-ს არგუმენტაცია იგივე იყო — რომ სანქცია იმდენად მცირეა, ადამიანებს არ აბრკოლებს, რომ ეს ქმედება აღარ ჩაიდინონ“.

ოხანაშვილის არგუმენტაცია იმავეს იმეორებს, თუმცა, როგორც თავადვე შენიშნავს, სტატისტიკა 2018-19 წლებში მზარდი იყო. „პრაქტიკა აჩვენებს, რომ სანქციების გაზრდა არ იწვევს ამ ტიპის ქმედებების შემცირებას“, — ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

საია-ს იურისტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას გამოყოფს, რაც, მისი აზრით, სტატისტიკის ზრდას იწვევს:

„სტატისტიკის ზრდას სხვადასხვა რამ იწვევს, მათ შორის ისიც, რომ პოლიცია უსაფუძვლოდ აკავებდეს პირებს და ახდენდეს სამართალდარღვევის ოქმების გამოწერას“.

ქურდოვანიძე გვეუბნება, რომ „ასეთი მრავალი ოქმი გვინახავს, ხშირად -სწორედ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ. და ხშირად პოლიციის ოქმები სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა“.

„ამდენი წელია, საუბარია იმაზე, რომ კოდექსი არის პრობლემური, სახელმწიფოც ამას თითქოს აღიარებს, რომ ასეა, — სახელმწიფოს რამდენჯერმე ჰქონდა შექმნილი კომისია, რომლის მიზანი იყო რეფორმის ჩატარება, მაგრამ ეს რეფორმა არც ერთხელ არ დასრულდა შედეგით, — თუმცა მისი რეალური რეფორმირება არ ხდება“, — ამბობს იურისტი.

„ამ კოდექსის ამ ფორმით შენარჩუნება არის გამოყენებული შეკრების უფლების შესაზღუდად. ეს პოლიციას უტოვებს მექანიზმს, თავისი ძალაუფლება გამოიყენოს დაუსაბუთებლად, მათ შორის აქციის მონაწილეების მიმართ. ამიტომ, როდესაც მოლოდინია იმის, რომ კანონი მთლიანად გადასახედია, რეფორმაა ჩასატარებელი, სანქციის დამძიმება ამ პირობებში, ჩემი შეფასებით, არის სრულიად გაუმართლებებლი და არაგონივრული გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ კოდექსის მოქმედების ხარისხს. ამან კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული პირების მიმართ“…

მასალების გადაბეჭდვის წესი