ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო “ოსტატთა რეესტრისთვის” განაცხადებების მიღებას იწყებს

6 მაისი, 2021 • 1065
კულტურის სამინისტრო “ოსტატთა რეესტრისთვის” განაცხადებების მიღებას იწყებს

საქართველოს კულტურის სამინისტრო “ოსტატთა რეესტრში” რეგისტრაციისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. როგორც დღეს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, აპლიკაციების მიღება 15 ივნისამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა კი შეეძლებათ პირებს, რომლებიც სპეციალიზდებიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციასა და კონსერვაციაში:

“ასეთი ოსტატები ამბობენ, რომ მწირი ოდენობით არსებობენ საქართველოში, მაგრამ ისინი ნამდვილად არსებობენ და საქმიანობენ თავისუფალ ბაზარზე. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ მოგვმართონ, რათა შედგეს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციაში სპეციალიზებულ ოსტატთა რეესტრი.

ესენი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის ქვითხურო, ხურო, კირითხურო და, რაც მთავარია, ის ადამიანები, ვისაც არა მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვს, არამედ გააჩნია პრაქტიკული ნამუშევარიც. ჩამონათვალში ასევე არის სახურავთა ოსტატები. ამ მხრივ დღეს არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით არის მწვავე საჭიროება ჩვენი სისტემისთვის”, – ამბობს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, კანდიდატებს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული კომისია გაესაუბრება, რის შემდეგაც შერჩეული პირები დასაქმდებიან კულტურის სამინისტროს სისტემაში და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე იმუშავებენ.

წულუკიანის თქმით, თუ გასაურების შემდეგ ჩაითვლება, რომ ესა თუ ის სპეციალისტი მყისიერად დასაქმების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, მაშინ კულტურის სამინისტრო ამგვარ პირებს დაუფინანსებს გადამზადების კურსებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ იგეგმება რესტავრატორ-კონსერვატორთა სერტიფიცირებაც და 2022 წლის პირველი მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მხოლოდ ის პირები იმუშავებენ, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი ექნებათ მინიჭებული

“ამის შემდეგ შევქმნით ოსტატთა რეესტრს, რომლებმაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა შეუნახონ მომავალ თაობებს. ერთი წლისთავზე ჩვენ უკვე ვიტყვით, რომ ეს ადამიანები მზად არიან სერტიფიცირებისთვის და განსაზღვრული გვაქვს, 2022 წლის პირველი მაისიდან ვერც ერთი ოსტატი, თუ მას არ აქვს სერტიფიკატი, ვერ შეეხება და ვერ იმუშავებს კონსერვაცია-რესტავრაციაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე” ,- აცხადებს კულტურის მინისტრი.

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული რეესტრის შექმნა გამოწვეული არაერთი პრობლემით, ამის თვალსაჩინო მაგალითად კი გელათის სამონასტრო კომპლექსს ასახელებს.

კანდიდატებისთვის მინისტრი განმარტავს, რომ მათ შეუძლიათ უწყებას დაუკავშირდნენ როგორც ელექტრონული ფოსტის ან ფეისბუკის საშუალებით, ასევე დარეკონ ცხელ ხაზზე.

კანდიდატებს მოუწევთ, სამინისტროს გაუგზავნონ მათი ბიოგრაფია, სადაც მიუთითებენ, თუ რა სამუშაოები აქვთ ჩატარებული. გასაუბრების ეტაპზე კი უნდა წარადგინონ ფოტო და ვიდეომასალა მათ მიერ განხორციელებული სამუშაოებისა:

“კანდიდატებს უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი. ესენი ვერ იქნებიან უბრალოდ ხელოსნები. უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა ეს არის გარკვეული ღვაწლის ტოლფასი საქმიანობა. სანაცვლოდ ჩვენ მათ შევუქმნით ღირსეულ სამუშო პირობებს და ვიმსჯელებთ, როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომელიც არაპროფესიონალი ადამიანების მიერ აქვს მიყენებული კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ძეგლს” ,- აცხადებს თეა წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი