ახალი ამბები

რიკოთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები იფიცებიან

6 მაისი, 2021 • 2389
რიკოთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები იფიცებიან

რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის 30%-ით მომატებას, ასევე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და პროტესტის ნიშნად იფიცებიან. “პროფკავშირების გაერთიანებაში” ამბობენ, რომ მუშებს მხარდაჭერას უცხადებენ, დამსაქმებელი კომპანია “ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი” კი დასძენს, რომ განიხილავენ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას.

კომპანიის მიერ დასაქმებული მუშის, რამაზ მაჭარაშვილის თქმით, მისი დღიური ანაზღაურება 28 ლარია, რაც თავის სარჩენად საკმარისი არ არის.

“მე აგარიდან დავდივარ, მხოლოდ გზისთვის 150 ლარი მეხარჯება თვეში. რაში უნდა მეყოს 28 ლარი?” — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, მუშების კიდევ ერთი მოთხოვნა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაა.

“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების” პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს მუშებს. მისივე თქმით, მედიაციის პროცესი კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ჯერ არ გამართულა, თუმცა მუშებს მაინც აქვთ გაფიცვის უფლება, ვინაიდან საუბარია უსაფრთხოების პირობების დარღვევაზე.

“28 ლარი აქვთ დღეში ხელფასი და ითხოვენ 30%-ით გაზრდას. არავისთვის არის ზღაპარი, რომ სამომხმარებლო კალათა სერიოზულად გაძვირებულია, ინფლაცია კრიტიკულ ზღვარზეა და ამ ადამიანების ყოფა-ცხოვრებაც გაუარესდა.

შესაბამისად, რაც არ უნდა ვარწმუნოთ ეს ხალხი, რომ არ არის ამის შესაძლებლობა და შეუძლებელია ხელფასების მატება, მშიერი ოჯახები და კრიტიკული მდგომარეობა თავის სიტყვას ამბობს.

ამიტომ გონს უნდა მოეგოს დამსაქმებელი და შეუსრულონ ამ ადამიანებს მოთხოვნა. ჩვენი წარმომადგენლები უკვე მიდიან ადგილზე  და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ადამიანებს”, — აღნიშნავს გიორგაძე.

მისივე თქმით, ორგანიზაციას ხსენებულ კომპანიასთან რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მოლაპარაკებები შრომის კოდექსის პირობებზე, “რომლებიც მთლიანად დარღვეული იყო”. შედეგად, გიორგაძის განცხადებით, გარკვეული საკითხები  — მათ შორის, შვებულებები, ბიულეტენები და ზეგანაკვეთური ანაზღაურება — გარკვეულ ჩარჩოებში ჩაჯდა, თუმცა სახელფასო განაკვეთი ამ დრომდე “ძალიან დაბალია”.

პროფკავშირების თანახმად, ამ მოთხოვნით მუშაობას აჩერებს დაახლოებით 200 ადამიანი. დამსაქმებელ კომპანიაში კი “ნეტგაზეთს” ეუბნებიან, რომ გაფიცულია “100-დან 130 კაცამდე”. “ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფში” აღნიშნავენ, რომ მუშების პროტესტის ფორმა მათთვის მისაღები არ არის.

“კომპანია, რა თქმა უნდა, განიხილავს  მათ მიერ დასმულ საკითხს. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ გამოეყოთ წარმომადგენელი, 10-15 კაცი, ვისთან ერთადაც გავივლიდით ამ საკითხს. ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას.

ცდილობენ, ყველამ ერთად ილაპარაკოს და ასე არ გამოვა შეთანხმება. ვთხოვეთ მათ, რომ მოეცათ 1 კვირა განსახილველად, მაგრამ ჯერჯერობით ამაზეც უარი მივიღეთ.

გაფიცვის ფორმა არის მიუღებელი კომპანიისთვის. რეალურად, ხელფასი ყველას ერთნაირი არ აქვს. ვინც მეტად კვალიფიცირებულია, მეტი ხელფასი აქვს, ნაკლები კვალიფიკაციის მქონეს ნაკლები ხელფასი აქვს. ყველას ერთი და იგივე პირობა არ აქვს”, — უთხრა “ნეტგაზეთს” კომპანიის წარმომადგენელმა გიზო კუკავაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი