ახალი ამბები

თუ მელიას უნდა შეეხოს ამნისტია, მაშინ უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არა? – გომელაური

5 მაისი, 2021 •
თუ მელიას უნდა შეეხოს ამნისტია, მაშინ უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არა? – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენბთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მუხლით ბრალი ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას შეეხება, მაშინ პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს.

მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მმართველმა გუნდა წარადგინა, სამართლიანია.

“მე, როგორც შს მინისტრი, ალბათ, ამნისტიებს უნდა ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული… ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა და აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მიეღოთ ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა, რომ რა თქმა უნდა, პოლიციელებსაც ეხება. არა იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე ვიცავ პოლიციელებს, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული. თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, მაშინ უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს? –  კითხვას ვსვამ. ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა? მძიმე მუხლებს ისედაც არ ეხება. როგორც ჩაწერილია, 117-ე მუხლს[ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] არ ეხება. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სამართლიანია”, — განაცხადა გომელაურმა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა. “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

20 ივნისის საქმეზე ამჟამად ბრალი 3 პოლიციელს აქვს წარდგენილი. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გადამეტებით.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მას 20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში ედება ბრალი.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი