ახალი ამბები

რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის — მსოფლიო პატრიარქი

3 მაისი, 2021 • 3187
რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის — მსოფლიო პატრიარქი

მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის თქმით, უსაფუძვლო შანტაჟს წარმოადგენს მტკიცება, რომ საქართველოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, მოსკოვის საპატრიარქო ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

წამყვანმა მსოფლიო პატრიარქს უთხრა, რომ ზემოთ მოცემული მოსაზრება საქართველოში არსებობს, შემდეგ კი ჰკითხა: “არის თუ არა ეს შესაძლებელი? რამდენად კანონიკურია რუსეთის ეკლესიის მხრიდან საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა?”

ბართლომე I-მა კითხვას ასე უპასუხა:

“რა თქმა უნდა, არა. პირველ ყოვლისა, რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება, ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. მას არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებელi ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა, არა რუსულენოვანი მთელი ამერიკისა, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილისა. ამ გზით მოსკოვმა ამერიკის ყველაზე მდიდარი მართლმადიდებელი ნაწილი დაიქვემდებარა. 1970 წელს გამოცხადებული ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღემდე არავინ ცნო. მხოლოდ იგი უწოდებს თავის თავს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას.

მოკლედ, ვუბრუნდები საკითხს და კვლავ ვიმეორებ, რომ რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის. მეორე მხრივ, ანტიკანონიკურია რუსეთის ეკლესიის ჩარევა როგორც აფხაზეთის ეკლესიაში, ისე სამხრეთ ოსეთისა, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნებიან.

…რაც შეეხება თქვენს სიტყვებს: თუ საქართველოს ეკლესია ცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მოსკოვის საპატრიარქო ცნობს აფხაზეთის ავტოკეფალიასო, ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არა აქვს”.

მსოფლიო პატრიარქის სიტყვებით, ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა საქართველოს ეკლესიის საქმეებში და “ერევა იქ, სადაც კი შეუძლია”. მისივე შეფასებით, ხსენებულ ეკლესიას “სჭირს დაავადება მესამე რომისა”, აქვს სურვილი, რომ გაფართოვდეს და წინამძღოლობდეს სრულიად მართლმადიებლობას, “მაგრამ მისი ეს მისწრაფება ამაოა”.

“…კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ [რუსეთის ეკლესია] არაერთგზის შეეცადა, ხორცი შეესხა მესამე რომის იდეისათვის, გამხდარიყო მართლმადიდებელთა ლიდერი, მაგრამ, როგორც ხედავთ, აგერ უკვე ექვსასი წლის განმავლობაში – მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლი დაეცა, 600 წელი გავიდა – ეს სურვილი ვერ აისრულა და ვერც ვერასოდეს აისრულებს, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური სისტემა, თავისი ტრადიცია და ქმედება”, — დასძინა მან.

ბართლომე I-მა ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალურ წერილებში ილია მეორეს ყოველთვის მოიხსენიებს სრული ტიტულით.

“ამიტომ მოვიხსენიებ მას აგრეთვე ვითარცა მიტროპოლიტს აფხაზეთისა. ანუ სრულად ვწერ მის ტიტულს. მახსოვს, ვიდრე რუსეთის ეკლესია შეიჭრებოდა აფხაზეთში, აფხაზეთის მიტროპოლიტად მსოფლიო საპატრიარქო იცნობდა ძმა დანიელს. გავიცანი კიდევაც ის, თუ არ ვცდები, ჩემი პირველი ვიზიტისას საქართველოში, 1978 წელს. ამიტომ მსოფლიო საპატრიარქოსათვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ხსენებული რეგიონები საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიან”, – თქვა ბართლომე I-მა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია: ვინ აღიარა და სად გაჩერდა საქართველოს საპატრიარქო

უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. მისი ამჟამინდელი ტიტულია მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული აქვთ ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა(საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებს. რუსეთმა, რომელიც თავშივე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, ევქარისტული კავშირი სამივე მათგანის მეთაურებთან გაწყვიტა. მანამდე მან კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელმაც უკრაინის ეკლესიას ტომოსი გადასცა.

ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირმა გამოხატა. მათმა ნაწილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი ღიად დაუჭირა, სინოდის ერთ-ერთმა წევრმა კი თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ მას შემდეგ აღიარებს, რაც მას ცნობენ „დედაეკლესია რუსეთი“ და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი