ახალი ამბები

“ეკლესია უმძიმეს კრიზისშია” — ქართველ თეოლოგთა ნაწილის კრიტიკული წერილი სააღდგომოდ

1 მაისი, 2021 •
“ეკლესია უმძიმეს კრიზისშია” — ქართველ თეოლოგთა ნაწილის კრიტიკული წერილი სააღდგომოდ

ქართველ თეოლოგთა ნაწილი ავრცელებს კრიტიკულ წერილს, სახელწოდებით “ქართველ თეოლოგთა სააღდგომო ეპისტოლე”, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. წერილში მიმოხილულია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები, ასევე ცალკეულ სასულიერო პირთა განცხადებები და ქმედებები.

წერილის ხელმომწერნი აღნიშნავენ, რომ მათი კრიტიკა  მიმართულია არა “სიწმინდის გაქილიკებისკენ” ან “მღვდლობის ინსტიტუტის აბუჩად აგდებისკენ”, არამედ “კრიტიკის ობიექტები არიან კონკრეტული, არაჯანსაღი მოწოდებების რადიკალი, რუსოფილი, ერეტიკოსი, ჰედონისტი და ფანატიკოსი მღვდლები თუ ეპისკოპოსები”, ასევე, საპატრიარქოს მენეჯმენტი.

წერილში დიდი ადგილი ეთმობა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებს, იქ მიტროპოლიტ სტეფანეს გამწესება კი შეფასებულია მოვლენად, რომელსაც ეკლესიისთვის “ქაოსის, დესტაბილიზაციისა და მოვლენათა ესკალაციის მეტი არაფერი მოუტანია”.

“მიტროპოლიტმა სტეფანემ, უნდოდა რა, რომ ჭყონდიდში „მართლწესრიგი“ სწრაფად დაენერგა, ნაჩქარევ, ძალადობრივ და უხეშ ქმედებას მიჰყო ხელი და ერთმანეთის მიყოლებით, ერთპიროვნული იმპერატიულობით დასაჯა (განკვეთა, განაყენა, უზიარებლობით დასაჯა, წინამძღვრობიდან გადააყენა) სასულიერო და საერო პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთაც კითხვების დასმა და მათზე ობიექტური პასუხების მიღება სურდათ სამართლებრივ ფორმატში”, — აღნიშნულია განცხადებაში.

თეოლოგები მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართავენ:

  1. “უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რადგან ეპარქიაში მისი ჩასვლის დღიდან მდგომარეობა სამარცხვინო და სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა, რაც კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარება”;
  2. “შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მსვლელობა მიეცეს მიტროპოლიტ პეტრეს მიერ კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებულ ბრალდებას, თანახმად საეკლესიო კანონიკისა, რათა სჯულის კანონის საფუძველზე დადგინდეს სიმართლე და აღმოიფხვრას გაურკვევლობა”;

ისინი ასევე ახსენებენ მიტროპოლიტ სტეფანეს ბრალდებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს შვილი ჰყავს.

“ვაცხადებთ, რომ აუცილებელია მის მიერ გაჟღერებული საკითხის ირგვლივ საეკლესიო კრების, ან ე.წ. „ზნეობრივი კომისიის“ ფორმატში დროული რეაგირება, რასაც, პირველ რიგში, უშუალოდ მიტროპოლიტი პეტრეც ითხოვს”, — ამბობენ ხელმომწერნი.

თეოლოგების წერილში ნახსენებია პანდემიის კრიზისიც, რომლის დროსაც, ხელმომწერთა შეფასებით, “სასულიერო პირთა, განსაკუთრებით, უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მხრიდან, ანტივაქსერულმა ქადაგებებემა ამბიონებიდან პიკს მიაღწია, რამაც საგრძნობლად დააზიანა მოსახლეობის ვაქცინისადმი ნდობის ხარისხი”.

ზემოხსენებულ განცხადებებთან ერთად, ავტორები ცალკე გამოყოფენ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დეკანოზის — თადეოს სარალიძის განცხადებას, რომელსაც “ანტისემიტურად, ქსენოფობიურად, არმენოლოფბიულად, მიზოგინიურად, პრორუსულად და სიძულვილის ენის შემცველად” აფასებენ.

“[განცხადებამ] დააზიანა ქრისტეს ეკლესიის პირუთვნელი მისია და საფრთხე შეუქმნა საზოგადოების ნაწილში ჯანსაღი, პატრიოტული, დემოკრატიული ღირებულებებისა და პროგრესული ფასეულობების ჩამოყალიბებას, ხოლო წმ. სინოდმა არ იმსჯელა მასზე”, — წერენ ისინი.

წერილში განხილულია სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის გადაწყვეტილებაც, რომლის ძალითაც სახალხო დამცველის რწმუნებულები ჯავახეთის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. მათი თქმით, ეს არის კონსტიტუციისა და კანონების სრული იგნორი.

“ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა მდგომარეობაა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებში, რადგან არავითარი მონიტორინგი და რევიზია არ ხორციელდება აღნიშნულ დაწესებულებებში.

ჩნდება საფუძლიანი ეჭვი, რომ იქ რაღაც ჯანსაღად და კანონიერად ვერ არის და სწორედ ამ ნიადაგზეა გავეშებული მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც, რომელიც უზარმაზარი ფინანსური სუბსიდიებით სარგებლობს, როგორც ეკლესიისთვის განკუთვნილი ოფიციალური საბიუჯეტო დაფინანსებიდან, ისე სხვადასხვა ფონდიდან და კერძო ბიზნეს-შემოწირულობიდან.

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არ ხორციელდება არანაირი აუდიტი და მოკვლევა, არ საჯაროვდება ხარჯთაღირცხვა და თანხების მოხმარების მიზნობრიობა, მაღალი ალბათობით სახეზე გვაქვს ფულის მითვისების კორუფციული სქემა, ხოლო პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე ხელშეუხებლობის იმუნიტეტითა და შეუვალობის პრივილეგიით სარგებლობენ”.

მიმდინარე წელს, შობის დღესასწაულზე გავრცელებული მსგავსი წერილის ნაცვლად, თეოლოგები ახლაც აკრიტიკებენ ილია მეორის მიერ მოსაყდრის დანიშვნის ფაქტს. მათი თქმით, ეს არის საეკლესიო სამართლის დარღვევა და “ორი მღვდელმთავრის მსხემობა ერთ კათედრაზე”.

ავტორები ასახელებენ რამდენიმე საქმესაც, რომლებთან მიმართებითაც, მათი თქმით, საჭიროა “სინოდურ და სისხლის სამართლებრივ ფორმატში მოკვლევა”. მათ შორის ისინი ახსენებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებსაც, როდესაც ერთ-ერთმა ბერმა სხვა სასულიერო პირები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა.

“ამრიგად, მრავალი პრობლემა ასაჩინოებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება უმძიმეს მორალურ, ინტელექტუალურ თუ სულიერ კრიზისში და აუცილებელია პრობლემათა კურნება-აღმოფხვრა, რომლის ერთადერთი კანონიკური გზა და საშუალება არის საქართველოს ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების დაუყოვნებლვ მოწვევა, რომლის გარეშეც საეკლესიო კრიზისი არნახულად გაღრმავდება, რაც საქართველოს ეკლესიას დაშლა-განადგურებას უქადის”, – ვკითხულობთ წერილში.

წერილს ხელს აწერენ:

თეოლოგები: ზვიად ცაბაძე, გიორგი ტიგინაშვილი, ვლადი ნარსია ,გოჩა ბარნოვი, გურამ ლურსმანაშვილი, დავით თინიკაშვილი, ვანო შოშიაშვილი, მიხეილ ნებიერიძე, დავით ნებიერიძე, გიორგი გეგუჩაძე, რატი ბიგანიშვილი, გურამ პაპავა, მიხეილ ნებიერიძე, გოგა ესიავა, ლაშა ჯიხვაშვილი.

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები: ბექა ჭიჭინაძე, შოთა მათითაშვილი

წერილთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი