ახალი ამბები

“წაბილწული ხალხია” — ეპისკოპოსის ჰომოფობიური განცხადებები სახალხო დამცველის აპარატზე

17 აპრილი, 2021 • 1486
“წაბილწული ხალხია” — ეპისკოპოსის ჰომოფობიური განცხადებები სახალხო დამცველის აპარატზე

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები ჯავახეთის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს. აღნიშნული პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ა(ა)იპ-ს წარმოადგენს.

სასულიერო პირმა თავისი გადაწყვეტილება 16 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებით განმარტა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შეშვება არც ერთ ოჯახში შეიძლება, რადგან “წაბილწავენ იქაურობას”.

“მოსულები იყვნენ იქ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ იქნენ იქ შეშვებული. რატომ? იმიტომ არ შეუშვეს, რომ ეს არის ის ხალხი, რომელიც ოფიციალურად ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ მაგ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ ოჯახში შეშვება არ შეიშლება. წაბილწავენ იქაურობას.

…ეგ არის წაბილწული ხალხი. მე რომ მკითხოს ხალხმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს”, — აღნიშნავს ეპისკოპოსი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პანსიონში ამჟამად 57 ბავშვი ცხოვრობს და მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა.

“დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა“ ,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი  წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. უწყების თქმით, პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებული არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ცილისმწამებლებად მოიხსენიებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და ამბობს, რომ ინფორმაცია ბავშვების სოციუმიდან იზოლირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

“ყოველდღე დადიან სკოლაში. ყოველდღე გარეთ გადიან, თამაშობენ. როგორ არ არიან სოციუმში?” — ამბობს ის და ასევე უარყოფს ცნობას, რომლის თანახმადაც ადგილზე სოც. მუშაკს არ უშვებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხსენებულ პანსიონში შესვლაზე პრობლემა ექმნებათ. მსგავსი შემთხვევა 2018 წელსაც მოხდა. მაშინ განცხადება უშუალოდ პანსიონის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა და ეპისკოპოსის ამჟამინდელი განცხადების მსგავსად, ასევე შეიცავდა დისკრიმინაციულ გზავნილებს.

ეპისკოპოს სპირიდონის მითითებით არ შეგვიშვეს პანსიონში, სადაც 57 ბავშვი ცხოვრობს – სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი