თბილისში, პეკინის გამზირზე არასრუწლოვან ტრანსგენდერ გოგოს ორი პირი დაესხა თავს. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროში ადასტურებენ.
დაშავებულის მეგობარი, მადონა კიპაროიძე “TV პირველთან” ამბობს, რომ 17 წლის ტრანსგენდერი გოგო თავდამსხმელებმა ტრანსფობიური ნიშნით სცემეს:
“როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ორი თავდამსხმელი იყო, ერთი იყო დაახლოებით 20 წლის, მეორე – 25 წლამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტრანსი გოგონა არასრუწლოვანია, ვერც ფოტოს ვაჩენთ მისას და ვერც სახელს და გვარს ვიტყვი. დაზიანებები ჰქონდა ნეკნებზე, წიხლები ჰქონდა ჩარტყმული ძლიერად, კანი ჰქონდა გადამძვრალი და გადაქერცლილი, მუხლები ჰქონდა დასისხლიანებული, ტანსაცმელი შემოხეული და თმები ჰქონდა ამოგლეჯილი. აგინებდნენ ,”შენი ტრანსი დედა… შენი ტრანსი…” “როგორ ბედავ საქართველოში გავლას” და მსგავს რაღაცებს ეუბნებოდნენ”, – ამბობს დაშავებულის მეგობარი.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.