ახალი ამბები

თბილისში ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს

27 აგვისტო, 2021 • 806
თბილისში ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს

თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს და, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქალს გზის საპირისპირო მხარეს მყოფი ავტომანქანიდან ესროლეს ახალგაზრდა კაცებმა. როგორც თვითმხილველი უყვება ტელეკომპანია “ფორმულას”, ტრანსგენდერ ქალს ტყვიები ნიკაპსა და მხარში მოხვდა:

“ავტომობილიდან ტრანსგენდერი ქალის მიმართ იყო სროლა, რომელსაც მოჰყვა შეძახილები, და მე მაქვს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება 5 ივლისის მოვლენებს. რამდენიმე ადამიანი იყო. ახალგაზრდა მამაკაცები, ასე 25-30 წლამდე მამაკაცები.

არ ვიცი, რა იარაღი იყო, მაგრამ [ტრანსგენდერ ქალს] სისხლი გასდიოდა ნიკაპიდან და ზურგიდან. გზის მეორე მხრიდან ესროლეს და როდესაც ჩვენ მოგვიახლოვდა, ტირილი დაიწყო ტკივილისგან და შემდეგ დავრეკეთ სასწრაფოში, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ჩვენ პოლიციაში არ ვრეკავთ ხოლმე იმიტომ, რომ დიდად არ მოქმედებენ”, — უთხრა “ფორმულას” თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი