პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:
- მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის;
- იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.
ცვლილებებს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორია ამჟამად კანონი?
წვრილმან ხულიგნობას ასკ-ის 166-ე მუხლი ითვალისწინებს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას — 173-ე მუხლი, ადმინისტრაციული დაკავების ვადებს კი 247-ე მუხლი განსაზღვრავს.
ამჟამად სანქციები ასეთია:
- 166-ე მუხლის დარღვევა ჯარიმდება 500-დან 1000 ლარამდე თანხით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით;
- 173-ე მუხლის დარღვევა ჯარიმდება 1000-დან 4000 ლარამდე თანხით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით;
- 247-ე მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს“, თუმცა მუხლის მეორე პუნქტი ადგენდა, რომ არასამუშაო დროს დაკავებისას დაკავების საერთო ვადა 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
რა გამკაცრდა?
კანონპროექტების პირველი ვერსიებით, რაც პირველი მოსმენით 28 აპრილს მიიღო პარლამენტმა, ეს სანქციები ასე მკაცრდებოდა:
- 166-ე მუხლის დარღვევისთვის ჯარიმა იზრდებოდა 1000 ლარით — გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული იყო 1500-დან 2000 ლარამდე;
- მართალია, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 15 დღე რჩებოდა, თუმცა, თუკი აქამდე პატიმრობის მინიმალური ვადა გაწერილი არ იყო, ეს ვადა მინიმუმ 7 დღემდე იქნებოდა;
- 173-ე მუხლი მთლიანად ახალი რედაქციით ყალიბდება — პირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა პირველ ჯერზე დაისჯებოდა 2000-დან 3000-მდე ლარამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით;
- განმეორებითი სამართალდარღვევა კი უკვე 3500-დან 4500-მდე ლარს გაითვალისწინებდა სანქციის სახით, ასევე, 10-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას;
- თანხის ქვედა ზღვარი ამ მუხლთან მიმართებაშიც აწეულია (1000-დან 2000-მდე) პირველივე ჯერზე, მეორე ჯერზე კი ადმინისტრაციული პატიმრობის დღეების ზღვარი (შესაძლო 1-დან 10 დღემდე).
- 247-ე მუხლში ცვლილებით დგინდებოდა, რომ „ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს“. 12 საათზე ჩანაწერი ამოიღეს.
რა შეიცვალა?
მეორე მოსმენაზე კანონპროექტის ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კრიტიკის შემდეგ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. საბოლოოდ:
- 166-ე მუხლის დარღვევისთვის ჯარიმა კვლავ იზრდება 1000 ლარით — გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული იყო 1500-დან 2000 ლარამდე; ეს ნაწილი იგივე დარჩა მეორე მოსმენაზეც;
- მართალია, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად ისევ 15 დღე რჩება, თუმცა, პატიმრობის მინიმალური ვადა, პირველ ვერსიაში 7 დღიდან შემცირდა 5 დღემდე;
- 173-ე მუხლი მთლიანად ახალი რედაქციით ყალიბდება — სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 2000-დან 3000-მდე ლარამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით; ეს ნაწილი იგივე დარჩა მეორე მოსმენაზეც;
- განმეორებითი სამართალდარღვევა კი უკვე 3500-დან 4500-მდე ლარს ითვალისწინებს სანქციის სახით, თუმცა, ნაცვლად პირველი მოსმენისას დადგენილ 10-დან 15 დღემდე ვადისა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადად 7-დან 15 დღემდე პერიოდი იქნება გაწერილი;
- 247-ე მუხლში მეორე მოსმენაზე გასული ცვლილებით დგინდება, რომ „ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს“.
შესაბამისად, მიუხედავად მეორე მოსმენაზე გარკვეული ცვლილებებისა, საბოლოო ვერსია მაინც იმაზე მეტად შემზღუდავია, ვიდრე კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია.
აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები მწვავედ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მიიჩნევენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.
გირჩევთ ამ თემაზე:
რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე
რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე