აქტივისტთა ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებენ, რომ არ მოუსმენიათ არცერთი კრიტიკული განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გაზრდის კანონპოექტის წინააღმდეგ იქნებოდა.
“დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის.
2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, ბევრ მათგანს ყადაღა აქვს დადებული, ბევრი ჩვენგანი არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული.
ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი. აღმაშფოთებელია იმ პოლიტიკოსების დუმილი, რომელთა გვერდითაც თითოეული ჩვენგანი 2 წლის განმავლობაში იბრძოდა.
ჩვენ არ მოგვისმენია მათი არცერთი კრიტიკული განცხადება. ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების – სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპიზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია”, – წერია აქტივისტთა ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ”შეცვალე”
- ”დემოკრატიული მომავლისთვის”
- “მოძრაობა საქართველოსთვის”
- “ალტერნატივა”
- სამოქალაქო აქტივისტი-შუშანა მაცაბერიძე
- სამოქალაქო აქტივისტი-თამთა გოგოლაძე
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გამკაცრებას გეგმავს.
შესაძლო ცვლილებებს აქტივისტურ წრეებში მიიჩნევენ, რომ სანქციების გამკაცრება დემონსტრაციების წინააღმდეგ არის მიმართული, რათა პროტესტის გამოხატვის სურვილი ჩაახშონ.
უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ეს ნაბიჯი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებაში თვითცენზურას გამოიწვევს.
გირჩევთ ნეტგაზეთის ორ მასალას:
რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე