ახალი ამბები

“შეიქმნება სოციალური კოდექსი” — ეკატერინე ტიკარაძე

28 აპრილი, 2021 • 867
“შეიქმნება სოციალური კოდექსი” — ეკატერინე ტიკარაძე

დღეს, 28 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურ კოდექსის შექმნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში, “წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება”.

მინისტრის განცხადებით, არსებული სოციალური და ჯანდაცვის სერვისები მოცულობითია, თუმცა, ფრაგმენტული და არასაკმარისი. “ჩვენ ამ მოცემულობას თვალს ვუსწორებთ, რასაც უნდა მოჰყვეს საჭირო ცვლილებების დაწყება”, — განაცხადა ტიკარაძემ.

„ამ ეტაპზე, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მიმდინარეობს საქართველოს და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც გახდება საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი. წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა სოციალური კოდექსის სახით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალური კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების კანონით გამყარებული გარანტი.

თუ ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ზრუნვა უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მოქნილად და კოორდინირებულად”, – თქვა მინისტრმმა.

მისივე განცხადებით, ეს ინიციატივა არ უნდა დარჩეს მხოლოდ მინისტრის საათზე გახმიანებულ განცხადებად, არამედ უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც პარლამენტს აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი