ახალი ამბები

125 ათასამდე ადამიანს სესხი ერთი პროცენტით გაუძვირდება

28 აპრილი, 2021 •
125 ათასამდე ადამიანს სესხი ერთი პროცენტით გაუძვირდება

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9.50%-მდე გაზარდა. “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, განაკვეთის ზრდის გამო 124 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზრდება.

ორგანიზაციის ცნობით, პირველი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) განცხადებით, მარტში ინფლაციის ზრდა სახელმწიფოს მიერ კომუნილურ გადასახადებზე სუბსიდიების დასრულებამ გამოიწვია. ამას გარდა, მიმდინარე წელს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 6.5% იქნება. ინფლაციის ზრდის მიზეზად ეროვნული ბანკი, რომლის მთავარი ფუნქციაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას ასახელებს.

“ნიშანდობლივია, რომ ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც მნიშვნელოვნად გაზრდის. წინა სხდომის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია, საშუალოდ, 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი საბაზო სცენარში დაახლოებით,4 პროცენტია.

ინფლაციის დინამიკაზე ნარჩუნდება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, ჯერ კიდევ დაბალი გამოშვების ფონზე, პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით აღმავალ ზეწოლას განაპირობებს. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გარკვეულწილად,  ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს”, — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 23 ივნისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი