ახალი ამბები

პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ კუჭავას წინააღმდეგ ხმა გახარიას გუნდმა მისცა

28 აპრილი, 2021 •
პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ კუჭავას წინააღმდეგ ხმა გახარიას გუნდმა მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას არჩევის წინააღმდეგ ხმა  ექსპრემიერ გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა მისცა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ამის გამო დაფიქრდება, დაუჭიროს თუ არა მხარი გახარიას გუნდს, თუ ეს უკანასკნელი შარლ მიშელის დოკუმენტით ოპოზიციისთვის განკუთვნილ საკომიტეტო კვოტას მოითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა 86 ხმით, 6-ის წინააღმდეგ აირჩიეს. პარლამენტის თაჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩევა, თუმცა კუჭავას კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ ორი ოპოზიციური ჯგუფის – “მოქალაქეების” და “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს.

“დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს 6 [წინააღმდეგი] ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს: ადამიანური — სულ რაღაც 14 დღის წინ ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ ფიზიკურადაც და ადამიანურადაც შენ გვერდში მყოფები, უბრალოდ, ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან; პოლიტიკური — ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ვირჩევდით ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის”, — წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, “მოქალაქეებმა” და “ევროპელმა სოციალისტებმა” კახა კუჭავას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და “დემონსტრაციული უარით თავი მაინცდამაინც “ოცნების” ყოფილმა თანაგუნდელებმა გამოიჩინეს”.

“სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტს მათაც მოაწერეს ხელი. იმ პუნქტსაც, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას გულისხმობს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი? თუ მოითხოვენ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან სხვა საპარლამენტო თანამდებობას, მათივე პოლიტიკური და ადამიანური საზომით, ჩვენც არ უნდა დავუჭიროთ მხარი?! გუშინდლის მერე, დავფიქრდები. ცუდია, და საქართველოში კი, ალბათ, საბედისწეროც, როცა პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ასე ღრმად მცდარია. როგორც იტყვიან, ცუდი დასაწყისი ცუდი დაბოლოების საწინდარია”, — აცხადებს პაპუაშვილი.

⭕ გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარედ, კახა კუჭავას არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 6.

ოპოზიციიდან…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Tuesday, 27 April 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი