ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა ირაკლი ანთაძე, ერგნეთში გამართულ შეხვედრაში ქართული მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მან უკანონოდ დაკავებულის ოჯახს განუცხადა, რომ სახელმწიფო უწყება გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებს.
ზაზა გახელაძის ოჯახის განცხადებით, ისინი არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
“არ ვაპირებთ გაჩერებას. არ გამოვრიცხავ აქციებსაც. ვგეგმავ, რომ შევხვდე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, არასამთავრობოებს, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს და ვთხოვო დახმარება. უკანასკნელად გავივლი ყველა ინსტანციას. არ არის გამორიცხული, რომ თავშესაფარი ვთხოვოთ თვითონ დე ფაქტო ცხინვალს”, — განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებთან.
“ისევ დაპირებები, კონკრეტული არაფერი. აქციებს გავაკეთებთ, ყველა გვერდში გვიდგას. სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა ჩვენ”, — ამბობს უკანონოდ დაკავებული გახელაძის დედა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.