პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ კახა კუჭავა დღეს, 27 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
“შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.