ახალი ამბები

“არანაირი კრიზისი არ არის განმუხტული” – ჯაფარიძე

27 აპრილი, 2021 • 769
“არანაირი კრიზისი არ არის განმუხტული” – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. ამის შესახებ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

“არანაირი კრიზისი არ არის განმუხტული. მე აქ მოვისმინე, რომ კრიზისი აღარ არისო და თან ხელოვნური კრიზისი იყოო. კრიზისი არ იყო დამოკიდებული იმაზე, ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდა დარბაზში, ეს არაფერს ცვლის საერთოდ. კრიზისი არის გარეთ, ადამიანების თავებში, და მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს და მათ შორის ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ღირდეს დარჩენა, ცხოვრება და ყველა არის აქედან გაქცევაზე. მანამ, სანამ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ შეიძლება აქედან გამოვიდნენ, მანამ, სანამ ისინი არ გადაწყვეტენ, რომ აქ ღირს ცხოვრება, აქ ღირს შვილების გაჩენა, აქ ღირს რაღაცების გაკეთება, მანამდე ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება, მიუხედავად იმისა, პარლამენტში 2 დეპუტატი შემოვა, თუ 22. ეს არაფერს შეცვლის”, – განმარტა ჯაფარიძემ.

მისი განცხადებით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა შემოდგომაზე დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებია. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია ამ ეტაპზე სწორედ ამ არჩევნებისთვის მზადებაა, რადგან ის რეფერენდუმად იქცა.

“საბოლოო ჯამში, როგორც კი ამას [შემოდგომის არჩევნებისთვის მოემზადება] გააკეთებს, ამ პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება და იმ რეფერენდუმზე უნდა გაირკვეს, ვის ექნება ახალი ლეგიტიმაცია და ვის ექნება შესაძლებლობა, მათ შორის ახალი ლეგიტიმაციით, მართლაც რაღაც რეფორმები გაატაროს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს, 27 აპრილს, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შედეგად მიიღო. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმებაში ჩამოთვლილი პუნქტები პარლამენტში შესასვლელად საკმარისი არ არის და ბოიკოტს კვლავ აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი