ახალი ამბები

გადავდგით ნაბიჯი, მაგრამ კრიზისი მოგვარებული არ არის – ვაშაძე

27 აპრილი, 2021 •
გადავდგით ნაბიჯი, მაგრამ კრიზისი მოგვარებული არ არის – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლით 6-თვიანი “უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის” მოსაგვარებლად გადადგა ნაბიჯი, თუმცა კრიზისი ამით არ მოგვარებულა. ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საკმაოდ რთული დღეა დღეს, რადგან 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის. დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან”, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე და შეთანხმებაზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილსა და “ქართულ ოცნებას” შორის დაიდო. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით აღაირებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური პატირმები არიან, რომ ქვეყანაში “ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემაა” და მიკერძოებულია მართლმსაჯულების სისტემა. ასევე, ვაშაძის თქმით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით მხარეები “ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმდნენ”, რომ ქვეყანაში მხოლოდ პროპორციული არჩევნები ჩატარდება, რაც ვაშაძის თქმით, “20 ივნისის პროტესტის შედეგის საბოლოო იმპლემენტაციაა ამ პარლამენტის მიერ”. ამასთან, ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტში აღიარებულია, რომ 2020 წლის არჩევნებს “ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა აქვს”.

“მეგობრებო, ამ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე, საქართველოს განვითარებაში. როცა საქართველოს თითოეულ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას. ყოველთვის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ.

შეთანხმება არ არის ცუდი. შეთანხმება არის ევროპული კულტურა, დასავლური კულტურა, ეს არის ის მისწრაფება, საითაც ჩვენ ყველანი მივდივართ, ეს არის ევროკავშირი, ნატო და დასავლური ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრობა. ყველაზე მეტად მახარებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირის და აშშ-ის განცხადებებია პირდაპირ, რომელიც ამბობს: “ამ შეთანხემბის შესრულებაზე დამოკიდებულია, დაჩქარდება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და გაღრმავდება თუ არა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამას, არ გავაჭიანუროთ პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ყველა ის ცვლილება, რაც ამ დოკუმენტით არის ნაჩვენები და კიდევ ერთი დიდი კულტურა ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას”, – განაცხადა ვაშაძემ სხდომაზე.

დღეს, 27 აპრილს, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შედეგად მიიღო. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმებაში ჩამოთვლილი პუნქტები პარლამენტში შესასვლელად საკმარისი არ არის და ბოიკოტს კვლავ აგრძელებს.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი