ახალი ამბები

ვინ [არ] მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს

19 აპრილი, 2021 •
ვინ [არ] მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების  წარმომადგენლებმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

დოკუმენტს ხელს არ აწერენ “ლეიბორისტული პარტია”, “ევროპული საქართველო”, ასევე “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ოპოზიციურ პატრიებს შორის ყველაზე მეტი მანდატი აქვს. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ ჯერ პარტიის თავმჯდმარე უნდა გათავისუფლდეს და ამის შემდეგ იმსჯელებენ შეთანხმებაზე ხელმოწერაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი