ახალი ამბებიკომენტარი

ნიკა მელიას არჩევანი

23 ივლისი, 2021 • 6623
ნიკა მელიას არჩევანი

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე, სავარაუდოდ, ნიკა მელია იქნება.

რამდენად ამბიციურია და გამართლებულია დედაქალაქის მერის პოსტზე კენჭისყრა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისათვის?

პოლიტიკის კომენტატორების ნაწილის თანახმად, შესაძლოა, მელია შიდაპარტიული კონიუნქტურის ერთგვარი მსხვერპლი იყოს, მისი მერობის არჩევნებში მონაწილეობით კი, მელიაზე მეტად, მიხეილ სააკაშვილი დარჩეს მოგებული.

ნიკა მელიას გზა

ჯერჯერობით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარუდგენია თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა ოპოზიციაში დიდი ხანია საუბარია საერთო კანდიდატის წარდგენაზე. 21 ივლისს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დაადასტურა, რომ ასეთად სწორედ ნიკა მელია განიხილებოდა.

ცნობილი ექიმის, ანზორ მელიას ოჯახში დაბადებული ნიკა მელია ამჟამად 41 წლისაა. მას იურისტის განათლება აქვს უშიშროების სამინისტროს აკადემიიდან, მოგვიანებით კი საერთაშორისო ურთიერთობები ისწავლა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში.

თბილისის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ანი ბერუკაშვილი

2007 წლიდან დროებით მუშაობდა უშიშროების საბჭოში, შემდეგ კი- აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელსაც 2010-12 წლებში თავადაც ხელმძღვანელობდა. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013-14 წლებში, მთაწმინდის გამგებელი იყო.

ამ პერიოდიდან უფრო დიდი პოლიტიკური თამაში წამოიწყო: 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი გახდა, თუმცა დავით ნარმანიასთან ბრძოლაში, მეორე ტურში, დამარცხდა ხმების 27%-ით. მას შემდეგ, ორივე საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გახდა ორივე, – 2016 და 2020 წლების, – მოწვევის პარლამენტის წევრი.

ამ დროის განმავლობაში ნიკა მელია პარტიის ლიდერად გამოიკვეთა. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას სწორედ ნიკა მელიამ მოუწოდა შეკრებილებს, პარლამენტში შესულიყვნენ,  როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანად.

მის მიმართ  დევნაც აქედან გააქტიურდა: მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა; შემდეგ იყო მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა, სასამართლოს მიერ საჯარო მიმართვების აკრძალვა, მოგვიანებით, საპროტესტო დემონსტრაციაზე, მაკონტროლებელი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა და გადაგდება, პარლამენტის მიერ იმუნიტეტის ხელახლა მოხსნა, ენმ-ის სათავო ოფისში მის დასაკავებლად მოწყობილი შტურმი. ამის გამო პრემიერ გახარიას გადადგომა და პოლიტიკური კრიზისი, დაბოლოს, შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში პატიმრობის დასასრული.

2020 წლის დეკემბერში, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შემდეგ, ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარე გახდა. ფეისბუკზე ონლაინ არჩევნებში მან დაამარცხა ლევან ვარშალომიძე (რომელიც სააკაშვილის „რჩეულად“ განიხილებოდა) 64.9%-ით, 35.1%-ის წინააღმდეგ.

პარტიის თავმჯდომარე – მერობის კანდიდატი?

ელექტორალური თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხმების 27.14% მიიღო (მასობრივ გაყალბებაზე ბრალდებების ფონზე); 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში კი ენმ-ის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში მხოლოდ 1%-ზე ნაკლები სხვაობით წააგო სალომე ზურაბიშვილთან.

პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მერობის კანდიდატობა „არ არის მაინცდამაინც ლოგიკური“ და მისი ამბიცია პრემიერ-მინისტრობა უნდა იყოს:

„იმიტომ, რომ პრემიერი არის ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელი. ენმ-ს აქვს ამბიცია, მოვიდეს ხელისუფლებაში და ლოგიკურია, მისი თავმჯდომარე უნდა იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – ამბობს იგი.

ხუხაშვილის თანახმად, დედაქალაქის მერის პოსტი, მართალია, მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობაა, თუმცა  გარკვეულწილად დაშორებულია პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრს, რაც გარკვეულ უხერხულობას აჩენს. ეს უხერხულობა, შესაძლოა, შიდაპარტიულ იერარქიასთან იყოს დაკავშირებული.

გია ხუხაშვილი. სქრინშოთი ტვ პირველის კადრებიდან

ნიკა მელია, მართალია, პარტიის ოფიციალური თავმჯდომარეა, თუმცა პარტიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილ ლიდერად მის დამფუძნებელს, მიხეილ სააკაშვილსაც ასახელებენ ხოლმე [თავმჯდომარეობა იყო ის ერთ-ერთი საკამათო საკითხი, რის გამოც თავის დროზე „ევროპული საქართველო“ გამოეყო ენმ-ს].

„ჩვენთან, სამწუხაროდ, ძალაუფლების ინსტიტუციური და რეალური ცენტრები არ ემთხვევა ერთმანეთს და გასაგებია, რომ პარტიული კონიუნქტურით ძალის ცენტრად მაინც ითვლება მიხეილ სააკაშვილი“, – ამბობს ხუხაშვილი.

მეორე მხრივ, ხუხაშვილის თანახმადვე, ნიკა მელია ახალგაზრდაა და თბილისის მერობა მისთვის კარგი სტარტი იქნება:

„მერი თუ გახდა, ის შეიძენს დასავლეთის თვალში ლეგიტიმაციას, რაც დღეს მას აკლია. ის მეტწილად უფრო საპროტესტო დემონსტრაციებიდან არის ცნობილი. მერის პოსტზე კი შეიძენს იმ რესპექტაბელურობას, რაც მომავალში ძალიან გამოადგება“, – ამბობს იგი.

მეტი, ვიდრე მერის არჩევნები

თუმცა 2021 წლის არჩევნები ოპოზიციისთვის უფრო მეტია, ვიდრე მერის არჩევნები: შარლ მიშელის შეთანხმების პირობებით, თუკი „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პროპორციული ხმების 43%-ს ვერ მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. შესაბამისად, სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მერის პოსტი. როგორც გია ხუხაშვილი გვეუბნება:

„ამ ადგილობრივი არჩევნების მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის არა ის, თუ ვინ გახდება ან არ გახდება მერი, არამედ 43%-იანი ბარიერის საკითხი. და თუ მოხდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია ამ ბარიერს, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მან დაკარგოს ძალაუფლება. ეს იმიტომ, რომ ამ პარტიის მმართველობითი მოდელი არის ბიძინა ივანიშვილის უძლეველობაზე დამყარებული, და თუ მან ახლა აჩვენა სისუსტე, ეს მოდელი ჩამოიშლება და ისინი ფაქტობრივად გარანტირებულად აგებენ რიგგარეშე არჩევნებს“.

შესაბამისად, ის, თუ ვინ ჩაუდგება „ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას, მნიშვნელოვანია. ნიკა მელია კი ერთ-ერთი ყველაზე „მოწონებადი“ ლიდერია ოპოზიციის თუ ზოგადად პოლიტიკოსების რიგებში:

ნიკა მელია საპატიმროს ტოვებს. 10 მაისი 2021 წელი. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ 24 ივნისს გამოქვეყნებული კვლევით, პოლიტიკოსებში მე-3 ყველაზე პოპულარული ფიგურა ნიკა მელიაა – ის გამოკითხულთა 47%-ს მოსწონს [მას კახი კალაძე (57%) და გიორგი გახარია (50%) უსწრებენ].

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ აპრილის დასაწყისში გამოქვყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ნიკა მელია ყველაზე მისაღებ საჯარო პირებს შორის მე-5 ადგილს იკავებს 42%-ით [მას უსწრებენ ილია II (89%), გიორგი გახარია (65%), კახი კალაძე (54%) და დავით ბაქრაძე (52%), მელიას კი ბიძინა ივანიშვილი მოსდეს 40%-ით].

აქ კიდევ ერთი საკითხია, რაც ტექნიკურ სირთულეს შეიძლება უკავშირდებოდეს: ნიკა მელია, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მთელ ქვეყანაში გამართავს საარჩევნო კამპანიას სახელმწიფოს გამოწვევებზე, თუ თბილისში, მერის არჩევნებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ლოკალურ პრობლემებზე გააკეთებს აქცენტს – ან რამდენად მოახერხებს ამ ორივე მისიის შესრულებას.

გია ხუხაშვილი ამას მნიშვნელოვან პრობლემად არ განიხილავს, თუმცა შენიშნავს: „გამომდინარე იქიდან, რომ მას მოუწევს გარკვეული სამეურნეო საკითხებით დაკავება, ეს უცნაური კამპანია იქნება“.

სააკაშვილი, როგორც გამარჯვებული?

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ნახსენები ორივე კვლევით („ედისონი“ და IRI), ნიკა მელია რეიტინგით უსწრებს როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილს.

„ნიკა მელია უნიკალური ფიგურაა, გარკვეულწილად, ყველაზე შემრიგებლური პოლიტიკოსია, იგივე ოპოზიციასთან ურთიერთობაში ცდილობს, რომ ნებისმიერ კონფრონტაციას აარიდოს თავი. ის მზარდი პოლიტიკოსია. და ეჭვიანობა ბუნებრივი რამეა ჩვენთან“, – ამბობს ხუხაშვილი.

პოპულარობის ზრდის ფონზე სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოების შესახებ დაუდასტურებელმა ცნობებმა მედიაშიც გაჟონა, თუმცა ლიდერები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 18 მაისს, ნიკა მელიამ თანაგუნდელებთან ერთად ჩააკითხა კიევში მყოფ სააკაშვილს და მასთან ერთად ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ეს ინფორმაცია უარყო:

„ჭორებს ავრცელებენ, რომ რაღაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. პირიქით. ვითარება არის მკვეთრად პირიქით“, – თქვა მაშინ მელიამ, სააკაშვილმა კი მას „ნამდვილი გმირი“ უწოდა [მოგვიანებით, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, სააკაშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის არჩევნებისას ლევან ვარშალომიძის მხარეს მცირედითაც რომ ჩარეულიყო, შესაძლოა შედეგი განსხვავებული ყოფილიყო].

იმ შემთხვევაში, თუკი „ოცნებამ“ 43% ვერ მიიღო, – რაც ოპოზიციისთვის ძირითადი ამოცანაა ამ ვითარებაში, – ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რასაც ახალი მთავრობის ფორმირება მოჰყვება. ნიკა მელია კი, მერის არჩევნებში გამარჯვების თუ მარცხის მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესისგან გამოთიშული რჩება.

გია ხუხაშვილის თანახმად, შიდაპარტიული კონკურენციის ფონზე მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდება:

„მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია მელია გარკვეულ ადგილზე, რომ მერე ფეხებში არ გაებლანდოს, როცა ამის დრო დადგება [მთავრობის დაკომპლექტება თუ დადგა დღის წესრიგში]. შეიძლება ეს იყო [მელიას მერობის კანდიდატობის განმსაზღვრელი]“, – გვეუბნება ანალიტიკოსი.

„თუკი გახდება თბილისის მერი ნიკა მელია, თავისთავად წყდება შიდაპარტიული ვერტიკალის პრობლემა, და თუ ვერ ხდება, მით უმეტეს, აღარ უნდა ჰქონდეს [არც პრემიერობის] პრეტენზია“, – განმარტავს იგი და არ გამორიცხავს, რომ მელიას მერის პოსტზე კენჭისყრა ამითაც იყოს განპირობებული.

„დიახ, შეიძლება ვიღაცამ ეს ლოგიკა განავითაროს, თუმცა არის ასეთი ასპექტიც: შეიძლება, მელიას ბევრი რამე არ მოსწონს, მაგრამ მას აგრეთვე მშვენივრად ესმის, რომ აქ ზედმეტმა გაპროტესტებამ, კონტრაარგუმენტების მოყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაძაბულობა პარტიის შიგნით, რასაც ის არიდებს თავს… იძულებულია, ითამაშოს ეს თამაში“, – ამბობს ხუხაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

კალაძისა და მელიას „გამოუვალი მდგომარეობა“

არაფორმალურ ლიდერებზე დამოკიდებულების კუთხით, გია ხუხაშვილი ნიკა მელიასა და მოქმედ მერს, კახი კალაძეს შორის გარკვეულ მსგავსებას ამჩნევს:

„ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობაც“ და მმართველი „ქართული ოცნებაც“ არის ჩრდილოვანი მმართველოს ქვეშ – ვერ ავცდით ამას ვერც სახელმწიფოში და ვერც პარტიებში. ეს თავისთავად ასეთ უცნაურობებს იწვევს და არ იძლევა სხვა სცენარის განვითარების საშუალებას“, – ამბობს იგი.

„ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა, რომ პოლიტიკის მიმომხილველების ნაწილის აზრით, კახი კალაძესაც შეეძლო, „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად გაეგრძელებინა პოლიტიკური საქმიანობა ან მერობაზე უფრო მეტი, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე განეცხადებინა პრეტენზია, თუმცა, საბოლოოდ, კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა მერობის კანდიდატად.

ხუხაშვილის თანახმად, ახლაც ვარაუდობს, რომ კალაძეს მერობის კანდიდატობის სურვილი არ ჰქონდა.

ვრცლად ამ საკითხზე:

რა სურს კალაძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი