ახალი ამბები

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

14 აგვისტო, 2021 • 1179
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

პარტიის “ანა დოლიძე-ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე 14 აგვისტოს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, დოლიძის სლოგანი იქნება “მერი ყველასთვის”.

“ანა დოლიძე თბილისელებს ჰპირდება, რომ დაასრულებს სიძულვილს, რომელიც დაამკვიდრა ორპოლუსიანობამ და იქნება – მერი ხალხისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სოციალური წარმომავლობისა, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნისა, სქესისა და ა.შ.

ანა დოლიძის თქმით, თბილისს სჭირდება მერი, ვინც თბილისს ბეტონის ჯუნგლების ნაცვლად დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს, ვინც იზრუნებს, სუფთა გარემოზე, იმაზე, რომ პარკი ჰქონდეს ყველა უბანს და იმაზე, რომ ადამიანებს არ შეეშინდებათ ღამე მშვიდად დაძინების, რომ დილით თავზე სახლი არ ჩამოენგრევათ, ან ფანჯარასთან ახალ კორპუსს არ ამოუშენებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, თბილისის მერი უნდა ქმნიდეს “ეფექტურ ინფრასტრუქტურას” და “ეხმარებოდეს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი წარმოების თუ ბიზნესის განვითარებას”.

“21-ე საუკუნეში სირცხვილია ვსაუბრობდეთ საპირფარეშოების, კანალიზაციის, ტროტუარების, პარკინგის და ა.შ. პრობლემებზე.

…მერი უნდა ზრუნავდეს, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის მობილობის უფლება და მუშაობდეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაზე.

თბილისს სჭირდება მერი, რომელიც შექმნის მოქნილ ბიუროკრატიას და თბილისს გახდის ყველასთვის, სადაც დოვლათის დაგროვება მხოლოდ მმართველ გუნდთან დაახლოებულ ნათესავების და ახლობლების პრივილეგია არ იქნება”, – დასძენს პარტია.

ანა დოლიძის პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება 48.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.