ახალი ამბები

“ვერ წარმომიდგენია ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე” – მელია

26 ივლისი, 2021 • 2709
“ვერ წარმომიდგენია ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე” – მელია

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი აზრით, თბილისის მერს პარტიული თანამდებობა არ უნდა ეკავოს.

აღნიშნულის შესახებ ნიკა მელიამ “მთავარ” არხზე სტუმრობისას განაცხადა. მელიას თქმით, მისთვის გაცილებით მეტია თბილისი და ის ბრძოლა, რომელშიც ახლა შევიდა, ვიდრე პარტიული პოლიტიკა:

“გიგი უგულავა რომ არ ყოფილიყო პარტიული თანამდებობით დამძიმებული, კიდევ უფრო მეტად იქნებოდა მოქნილიც, ნაკლებ შეცდომასაც დაუშვებდა. მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ თბილისის არჩეული მერი, შენ პარტიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდე.

მე მგონია, რომ [მერი თუ გავხდები] პარტიულ თანამდებობაზე არ უნდა ვიყო. არ ვამბობ, რომ პარტიული ნიშანი უნდა დაკარგო და პარტიაში აღარ იყო. გინდა არ გინდა, ხარ სუბიექტური. ჩემთვის მართლაც ასეა, ჩემთვის გაცილებით მეტია თბილისი, ეს პასუხისმგებლობა და ის ბრძოლა, რომელშიც მე ახლა შევედი, ვიდრე პოლიტიკა.

განსაკუთრებით, პარტიული პოლიტიკა. ამიტომ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი, ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე”, – ამბობს ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა”.

თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის — ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატს “გირჩი — მეტი თავისუფლება” დაასახელებს.

რა სურს კალაძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი