ახალი ამბები

დაპირისპირება ჭყონდიდში: გოლეთიანი ხსნის, რატომ ჩავიდა ის ეპარქიაში

25 აპრილი, 2021 • 1606
დაპირისპირება ჭყონდიდში: გოლეთიანი ხსნის, რატომ ჩავიდა ის ეპარქიაში

აქტივისტი და „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი დღეს ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განმარტებას ავრცელებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს 25 აპრილს მოქალაქეები, მათ შორის, სასულიერო პირები, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე ასევე ჩასული იყო ვარლამ გოლეთიანიც. გოლეთიანის გამოჩენა მოქალაქეთა ნაწილმა გააკრიტიკა.

„თქვენ იცით და მგონი, არავისთვის დამალული და უცხო არ არის, რომ ეპარქია სადაც ჩვენ ვცხოვრობთ – ვგულისხმობ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას – ასევე არის მეუფე სტეფანე მისი მმართველი და მეუფე სტეფანე გახლავთ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც.

ბუნებრივია მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან, იცით ამის შესახებ და ჩვენ, მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც მეუფე აღავლენს ღვთისმსახურებას. ამიტომ ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, ხშირად დავდივართ თავად ცაგერში, სხვადასხვა დღესასწაულებზე.

ბუნებრივია, როდესაც მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და დღეს იქ უნდა აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, რომ მას ტრადიციულად დავსწრებოდით,“ – ამბობს ვარლამ გოლეთიანი ვიდეო მიმართვაში.

გოლეთიანი იხსენებს, რომ იქ ჩასვლის შემდეგ, გაისმა ბრალდებებიც, თითქოს, ისინი რუსეთთან არიან კავშირში. გოლეთიანი აცხადებს, რომ ეს სიცრუეა და ჭყონდიდში დღეს ბრზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდნენ.

„რაც შეეხება ჩვენ დამოკიდებულებას იქ მიმდინარე პროცესებზე – მკაფიოდ და ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ მხარეობას არ ვცნობთ, როგორც ხდება ხოლმე. არც ჩვენ ადვოკატობა და დაცვა სჭირდება არავის, უბრალოდ ჩვენ ჩავედით მსახურებაზე ჩასასვლელად და ზოგადი სურათი, რაც არის ჭყონდიდის ეპარქიაში და რასაც ვადევნებთ თვალს – რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც შემაშფოთებელია და სურვილი გამოვხატეთ დღესაც, რომ იმედია იქ ყველაფერი დალაგდება და დაუბრუნდება ეპარქია ნორმალური ცხოვრების რიტმს.

რა თქმა უნდა ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციებსა და ძალადობას რაც იქ ხდება და დღესაც ჰქოდნა ადგილი. სამწუხაროა ისიც, რომ სამართალდამცავი ძალები არ იყვნენ შესაბამისად მობილიზებული და ვის ინტერესებში შედის ასეთი დაძაბულობა იქ, ნამდვილად გაუგებარია ჩვენთვის,“ – ამბობს ის.

ვარლამ გოლეთიანის თქმითვე, გუმათში, სადაც მოქალაქეებს მშვიდი პროტესტი აქვთ „ბარიკადებია და პოლიცია 25 მწკრივად დგას, არარსებული დაპირისპირება რომ არ მოხდეს თითქოს“, დღეს კი ეპარქიაში „მხარეები შეტოვებულები იყვნენ ერთმანეთს ხელში, რაც სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის პროვოცირებაა,“.

„ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, ამ პროტესტის მიუხედავად. როდესაც დამთავრდება ეს პროტესტი და მივიყვანთ ჩვენს ბრძოლას ბოლომდე – ასევე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ვერ ვიფიქრებთ იმაზე, სად რომელი კამერა დაგვხდება ჩასაფრებული.

ამიტომ ვფიქრობ, ეს ისტერია აწყობს გარკვეულ ძალებს, ამის აგორება და დაკავშირებები რუსეთთან და ცალკეულ პერსონებთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვინც საღად უყურებს ამ პროცეს და ადვენებს თვალს, კარგად ხვდება ჩვენს სულისკვეთებას,“ – ამბობს ის.


ჭყონდიდის ეპარქიაში დილით დაძაბულობა იყო . სალხინოს ეკლესიასთან პერიოდულად მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურადაც უპირისპირდებიან.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ განდევნილი მღვდლების მრევლი და მხარდამჭერები მივიდნენ. ტაძართან მყოფი სასულიერო პირები და მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ დაძაბულობა ადგილობრივი ბიზნესმენის – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამაც გამოიწვია.

მხარეებად არ ვყოფთ, მშვიდობის მხარდასაჭერად მოვედით – გოლეთიანი ჭყონდიდში

მასალების გადაბეჭდვის წესი