ახალი ამბები

ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა

25 აპრილი, 2021 •
ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა.

ფაშინიანმა ამის შესახებ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც თქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნების ჩატარების გამო მიიღო. ამ არჩევნებში ის კვლავ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

მიუხედავად ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებისა, სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.

„მე ვტოვებ თანამდებობას მოქალაქის დღეზე [უქმე დღე, რომელიც ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის პატივსაცემად დაწესდა] და ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ხალხს ვუბრუნებთ იმ ძალაუფლებას, რომელიც მათგანვე მივიღეთ,“ – აცხადებს ფაშინიანი.


ფაშინიანი ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ აპრილის თვეში თანამდებობას დატოვებდა. მაშინაც ის ამბობდა, რომ იგი თანამდებობას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზნით ტოვებდა, თუმცა ამავდროულად დარჩებოდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად.

სომხეთის ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი პოლიტიკური კოალიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 10 ნოემბრიდან ითხოვდა, რის გამოც ერევანში პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები.

ამ თემაზე ნახეთ ასევე:

როგორ შეინარჩუნა ფაშინიანმა ხელისუფლება | არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი

მასალების გადაბეჭდვის წესი