ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი
ყარაბაღის ომის დასრულებაზე 10 ნოემბრის “განცხადების” ხელმოწერის შემდეგ სომხეთი პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისშია, თუმცა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კრიზისის მაქსიმალურად შესამცირებლად. მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქუჩიდან და კაბინეტებიდან პროტესტისა და ზეწოლის მიუხედავად, პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. საპარლამენტო არჩევნებში კი, რომელიც 20 ივნისს უნდა გაიმართოს, დღევანდელი პროგნოზებით, ფაშინიანის გუნდის შანსები ყველაზე მაღალია.
10 ნოემბრის “განცხადების” ხელმოწერის შემდეგ ასეულობით სახელმწიფო მოხელე, [განსაკუთრებით, უმაღლესი და საშუალო რგოლის], მათ შორის მინისტრები, თანამდებობებიდან გადადგნენ და ფაშინიანთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. მის გადადგომას ითხოვდა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე. ფაშინიანის გადადგომა სამმა ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც მოითხოვა. ფაშინიანის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებში ასევე აღმოჩნდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გენერალური შტაბი, უმაღლესი სასამართლო საბჭო, ადვოკატთა პალატა, მეცნიერები, პროფესორები და ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
სომხეთში რთულად შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებაზე მსგავსი ინსტიტუციური ზეწოლის დროს, მით უმეტეს, ომში დამარცხებისა და ათეულობით ათასი ადამიანის ქუჩაში თვეების განამავლობაში პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ინარჩუნებს პოზიციებს და მეტიც, თამაშის წესებს თავად აწესებს.
საზოგადოებრივი აზრი
სომხეთის საზოგადოებაში აზრი იმასთან დაკავშირებით, დამნაშავეა თუ არა ფაშინიანი ყარაბაღის ომში დამარცხებაში, თითქმის ორ თანაბარად ნაწილად იყოფა. თუმცა საგულისხმოა, რომ ერევანში მისი რეიტინგი 20%-ს აღწევს, პროვინციებში კი -40%-ს. მსგავსი დაყოფა არაა გასაკვირი, რადგან რეგიონებში ინფორმაციაზე წვდომა [მათ შორის ოპოზიციურ ტელეარხებზე] შეზღუდულია, პროპაგანდა უფრო ეფექტურად მუშაობს, მოსახლეობა კი არაა შეჩვეული ხელისუფლებასთან ბრძოლას.
გარდა ამისა, ოპოზიციისგან განსხვავებით, ფაშინიანი ძალიან ეფექტურად და აქტიურად მუშაობს საზოგადოებრივ აზრთან – თითქმის ყოველდღიურ კავშირზეა მათთან. თუ ოპოზიცია გახლეჩილია, ფაშინიანის გუნდს ლიდერი ჰყავს.
ყველა რესურსის კონსოლიდაციის გარდა, ფაშინიანი კიდევ ორ ფაქტორს იყენებს. პირველი – ეს არის პოსტრევოლუციური ეიფორია, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ მინელებულა. ბევრი ადამიანი მიეჩვია საკუთარი თავის ასოცირებას ფაშინიანთან და არ არიან მზად საკუთარი შეცდომა აღიარონ. ამგვარად, ისინი არა ამჟამინდელ ფაშინიანს, არამედ სამი წლის წინ გაკეთებულ საკუთარ არჩევანს იცავენ.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ყოფილ ხელისუფლებას ფაშინიანი დღეს მის პირად მტრებად ასახელებს, რაც ასევე წარმატებულად მუშაობს, როგორც პოლიტიკური ტექნოლოგია. ყოფილი ხელისუფლებებით გაღიზიანება საზოგადოებაში დღესაც ჭარბად არსებობს.
ოპოზიციის დილემები
ჯერ კიდევ 10 ნოემბრის განცხადების ხელმოწერამდე, მაშინ, როდესაც უკვე ნათელი გახდა, რომ სომხეთი აგებს ომს, ოპოზიციამ გაერთიანება და ფაშინიანზე ზეწოლა დაიწყო. როდესაც განცხადებას ხელი მოეწერა, მიუხედავად სამხედრო მდგომარეობისა, საპროტესტო აქციები დაიწყო. მაშინ აქციებზე ძირითადად უკმაყოფილო მოქალაქეები გამოდიოდნენ, ოპოზიციური პარტიები კი საკმაოდ პასიურად გამოიყურებოდნენ. პასიურობის მიზეზი, პირველ რიგში, ის იყო, რომ არ სურდათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ომის ნეგატიურ შედეგებთან პირისპირ აღმოჩენა.
ოპოზიციის პასიურობის მეორე მიზეზი მის არაერთიანობაში უნდა ვეძებოთ. 17 პარტიისა და რამდენიმე არაპარტიული ძალის გარდა, იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც არ შეუერთდნენ პროტესტს. ამ ფაქტორმა, რა თქმა უნდა, ვერ გააძლიერა ოპოზიცია.
მესამე პრობლემა ის იყო, რომ ოპოზიციას არ ჰქონია შექმნილი სიტუაციის ერთიანი და ადეკვატური აღქმა. რაღაც გაურკვეველი მიზეზით ოპოზიციური ელიტა დარწმუნებული იყო, რომ ფაშინიანის მიერ ხელისუფლების დაკარგვა უბრალოდ დროის საკითხი იყო და ერთმანეთში ხელისუფლების დანაწილება დაიწყეს.
მეოთხე პრობლემა სომხეთის მომავალზე ოპოზიციის ტაქტიკური და სტრატეგიული ხედვის უქონლობაა.
ოპოზიციის მუშაობის ფორმა და სტილი ეყრდნობოდა მობილიზაციის ძველ მეთოდებს – მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა და იმედი კულისებს მიღმა შეთანხმებისა.
იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა ფაშინიანის გადადგომას, ოპოზიციამ ვერ გაბედა ფაშინიანის წინააღმდეგ რევოლუცია და ამას თავად ფაშინიანიც კარგად იაზრებდა.
ფაშინიანის მოქმედებები
ფაშინიანმა ომი წააგო და ომის შემდეგი მოლაპარაკებებიც ჩააგდო. სომხეთმა ცალმხრივად დათმო ტერიტორიები, მათ შორის, ომის შემდეგ. სამხედრო ტყვეები კი ხუთი თვის შემდეგაც აზერბაიჯანში იმყოფებიან. ფაშინიანმა ყველა ტყვე გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესი ჯერ არრ დასრულებულა.
შედარებისთვის, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ტყვეების გაცვლის პროცესი საბრძოლო მოქმედებებიდან ორ კვირაში დასრულდა. ალიევს მსგავსი ნება თავიდანვე არ ჰქონია, თუმცა, ფაშინიანს ეს არ ანაღვლებდა და მისი ყველა ძალისხმევა პირველივე დღის შემდეგ კონცენტრირებული იყო ხელისუფლების შენარჩუნებაზე. ამისთვის ფაშინიანი მიმართავდა როგორც მედიამანიპულაციებს, ასევე, რეალური ინფორმაციის დამალვას. სომხეთში 2020 წლამდე არასოდეს ყოფილა გასაიდუმლოებული ფრონტზე დაღუპულთა მონაცემები. ომის ბოლოს სომხური მხარე მხოლოდ 1300 დაღუპული ჯარისკაცზე საუბრობდა, თუმცა დღესდღეობით ეს ოფიციალური რიცხვი 5000-ს უახლოვდება.
ამასთან, ფაშინიანი, ისევე როგორც სხვა შემთხევებში, ომში დამარცხებაშიც მთავარ დამნაშავეებად წინამორბედებს ადანაშაულებდა. ასეთი განაცხადებები, მომხიბლავად ჟღერს, პირველ რიგში, მისი ამომრჩევლისთვის. ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დისკუსია იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ყარაბაღის ბედი, სომხურ საზოგადოებაში არ შეჩერებულა, თუმცა ფაშინიანის პოლიტიკა არსებითად არამკაფიო და არაფრთხილი იყო.
ინტენსიური მედიაკამპანიისა და მრავალი დაპირების გაცემით წყალობით, ფაშინიანმა მაღალი რეიტინგი კორონავირუსის ფონზეც შეინარჩუნა. ომის დროს მცირე წარმატებებზე განცხადებებით, რომლითაც საზოგადოებას მიმართავდა, და ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებაზე კანონმდებლობის შეზღუდვით, ფაშინიანი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. შესაბამისად, ამ ფონზე 10 ნოემბრის “განცხადებაზე” ხელმოწერა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.
მისი მხარდამჭერების უმრავლესობა მზად არ იყო ეღიარებინა საკუთარი შეცდომა და მის ნებისმიერ განცხადებას ჭეშმარიტებად აღქივამდა. რასაკვირველია, ფაშინიანის რეიტინგმა კლება მაინც დაიწყო, თუმცა, იმაზე დაბალი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 2021 წლის მარტის ბოლოს ფაშინიანს 40% უჭერდა მხარს.
ხელისუფლებას აშკარად ჰყავდა პროფესიონალი პოლიტიკური კონსულტანტების გუნდი და მათ რეკომენდაციებს გულმოდიგენედ ითვალისწინებდა. შესაბამისად, ფაშინიანის გუნდმა მისთვის ყველაზე რთული პერიოდი გადალახა.
რასაკვირველია, ამ ყველაფერს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე არ ჩაუვლია – თვითმმართველობის მთელი სისტემა, სამინისტროები და ხელისუფლებისადმი ლოიალური ბიზნესსტრუქტურები პირველი მარტის მიტინგის დროს ხალხის მობილიზაციაში იყვნენ ჩართული. ფაშინიანმა საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი შეაგროვა – 23 ათასამდე, როდესაც ოპოზიციის ყველაზე მასობრივ მიტინგზე, 20 თებერვალს, 14 ათასამდე ადამიანი მივიდა.
კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენდა ხელისუფლების ურყევობა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდა – ბევრი ადამიანი წავიდა, პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობიდან, რამაც ხელისუფლების ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტია დატოვა, თუმცა, თუ მინისტრებისა და მათი მოადგილეების წასვლა ფაშინიანისთვის მხოლოდ მცირე უსიამოვნება იყო, მმართველი ფრაქციის დაშლა უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და პარლამენტისგან დამოუკიდებლად ლეგიტიმურობის წყარო ფაშინიანს არ გააჩნია. შედეგად, თუ ფაშინიანის გუნდი პარლამენტში დაიშლებოდა, ის ვეღარ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას. გუნდის სტაბილურობის დასაცავად საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის, მანიპულაციური მეთოდებით.
ფაშინიანის ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა ომით დაზარალებული დევნილები, დაღუპულთა და დაჭრილ სამხედროთა ოჯახები და თავად საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები იყვნენ. მათი კონსოლიდირებული დაპირისპირება ხელისუფლებასთან, ასევე, შეუქმნიდა ხელისუფლების ლეგიტიმურობას საფრთხეს. თავდაპირველად მათი განწყობები საკმაოდ კრიტიკული იყო, თუმცა სოციალურმა მხარდაჭერამ და ამ დახმარების დაკარგვის შიშმა მათი პოზიციები შეარბილა. მეტიც, სამხედროების ოჯახები ოპოზიციასთან დააპირისპირეს, როდესაც გამოუცხადეს, რომ ბაქო სამხედრო ტყვეებს ოპოზიციის მიტინგების გამო არ აბრუნებს. სანამ ფაშინიანი “მუშაობდა” მათთან, ოპოზიცია მათდამი ინტერესს არ გამოხატავდა. ასე რომ, ხელისუფლებამ მოახერხა და პოლიტიკური მოედნის კიდევ ერთი მგრძნობიარე მონაკვეთი დაიცვა.
არჩევნების პერსპექტივა
ამჟამად არჩევნები ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის დანიშნული, თუმცა მათი გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ფაშინიანმა უკვე გაახმოვანა – სავარაუდოდ, 20 ივნისი. ხელისუფლება არჩევნებზე იანვარშიც საუბრობდა, თუმცა 7 თებერვალს გადაწყვიტა, რომ ოპოზიციამ ფარ-ხმალი დაყარა და, შესაბამისად, გადაიფიქრა არჩევნების ჩატარება.
არჩევნები ფაშინიანს საშუალებას მისცემს, ყურადღება გადაატანინოს საზოგადოებას და შეძლებისდაგვარად სიტუაცია მის სასარგებლოდ დაასტაბილუროს.
საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალია. თუმცა მმართველ ფრაქციაში ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ: გამარჯვების შემთხვევაშიც, მათი ფრაქცია საგრძნობლად შემცირდება, რადგან ფრაქციის 30-მდე დეპუტატი ვერ მოხვდება მომავალ პარლამენტში. ფაშინიანის გამარჯვება ჯერ არ შეიძლება წინასაწარ გადაწვეტილად გამოვაცხადოთ – თუ ოპოზიცია მაინც გაერთიანდება, შეიძლება მას წინააღმდეგობა დახვდეს, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც.
ფაშინიანმა შეძლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ფოკუსი ყარაბაღიდან შიდა პოლიტიკაზე გადაეტანა. ამ საქმეში ოპოზიცია მისდაუნებურად მისი მოკავშირე გახდა, რადგან საკუთარი მკაფიო გეგმა არ ჰქონია და მხოლოდ ხელისუფლების დანაწილებაზე იყო ფოკუსირებული. ოპოზიციამ საკუთარი ნებით უარი თქვა რევოლუციის გზაზე და ფაშინიანის მიერ ორგანიზებულ არჩევნებზე მიდის იმედით, რომ ამ გზით სიტუაციაზე კონტროლს მოიპოვებს. ეს გარემოებები ფაშინიანს უკვე მორიგ გამარჯვებას უქადის.