სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი თანამდებობას აპრილში დატოვებს. ინფორმაციას რუსული გამოცემა რია ნოვოსტი ავრცელებს.
ფაშინიანის განცხადებით, იგი თანამდებობას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზნით ტოვებს, თუმცა ამავდროულად რჩება მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად.
სომხეთის ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი პოლიტიკური კოალიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 10 ნოემბრიდან ითხოვდა, რის გამოც ერევანში პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები.
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც არმიის გენშტაბის მეთაურმა და 40-მდე მაღალი რანგის ოფიცერმა გაავრცელეს ერთობლივი წერილი, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.
18 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში 20 ივნისს გაიმართებოდა. პარალელურად პრემიერ-მინისტრის პარტიამ – “ჩემი ნაბიჯი”, დაიწყო მზადება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებისათვის.
მარტის დასაწყისში ნეტგაზეთი ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, არსენ ხარატიანს, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნები იყო.
რა არის გამოსავალი სომხეთის კრიზისიდან – ინტერვიუ არსენ ხარატიანთან