ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დადებითად აფასებს სალომე სამადაშვილის მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას. კრამონი სამადაშვილის ამ ნაბიჯს “ტვიტერზე” გამოეხმაურა და დაწერა:
“ბევრი სხვა ადამიანის, მარინა კალიურანდის&ჩემი სახელით, მხარს ვუჭერ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოში, თუმცა, განსაკუთრებით მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რადგან მას ჰქონდა გამბედაობა, მისი პარტიის მხარდაჭერის გარეშეც მოეწერა ხელი [დოკუმენტისთვის]. ნამდვილი გმირი”.
ვიოლა ფონ კრამონის თქმით, სამადაშვილი “მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან, ვისაც სურს საქართველოში პოლიტიკური კრიზიზის დაძლევა და საბოლოოდ, ქვეყნის დაბრუნება კონსტრუქციულ, ევროატლანტიკურ გზაზე”.
სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოაწერა, რის შემდეგაც ის გააკრიტიკეს თანაგუნდელებმა “ნაციონალური მოძრაობიდან”. ამის შემდეგ სამადაშვილმა თქვა, რომ ენმ-ის სახელით პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს, პარტიის ოფიციალურად დატოვების შესახებ კი გადაწყვეტილებას მის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
შეთანხმების დოკუმენტს ასევე მოაწერეს ხელი “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა” და “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტზე დაფიქსირებულია რამდენიმე ინდივიდუალური ხელმოწერაც.