სალომე სამადაშვილი, რომელმაც დღეს, 19 აპრილს, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, აცხადებს, რომ “სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია -“მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე ვინც მოაწერს, იმათ ‘მოღალატეს’ დავუძახებთ”.
ამის შესახებ სამადაშვილმა ფეისბუკზე დაწერა მას შემდეგ, რაც ის თანაგუნდელებმა გააკრიტიკეს მიშელის დოკუმენტზე დამოუკიდებლად ხელის მოწერის გამო.
“ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები”, – წერს სამადაშვილი.
მანამდე ტვ პირველის ეთერში სამადაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-სთან უერთიერთობაში პაუზას იღებს.
“ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, პაუზა ავიღო.. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით მე მოლაპარაკებებზე სიარულს ცხადია, რომ არ და ვერ გავაგრძელებ. რაც შეეხება პარლამენტში საქმიანობას, დღეს ყველა ადამიანმა, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, ხელი მოაწერა იმას, რომ ამნისტიის კანონის ინიცირება რომ მოხდება, ამნისტიის კენჭისყრაზე შევა ოპოზიცია. ანუ ჩვენ შევალთ პარლამენტში იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ენმ-მ დღეს, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ისინიც შევლენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება.”
სამადაშვილი შეცდომად აფასებს ენმ-ის პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმებაზე მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ იმსჯელებენ.
“არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ პარტიამ შეცდომა დაუშვა. ჩემი აზრით, დღეს იყო შეცდომა პარტიის მხრიდან.. მთავარი ოპოზიციური პარტია დღეს სწორად არ მოიქცა, რადგან ჩემთვის გაუგებარია შუალედური გადაწყვეტილება. თუ ენმ გეგმავს, რომ პარლამენტში შემოვიდეს და ნიკა მელიას გათავისუფლება მათთვის არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩემთვის ნამდვილად არის ეს მნიშვნელოვანი ამოცანა, დღევანდელი შეთანხმება იყო არა იდეალური, თუმცა, გზა სწორედ ამის მისაღწევად. ამიტომ, რატომ ითქვა ამ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი, ჩემთვის გაუგებარია”, — აცხადებს სამადაშვილი.
შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.