ახალი ამბები

კრიზისმა საქართველოს რეპუტაცია დააზიანა – ნატა საბანაძე

23 აპრილი, 2021 •
კრიზისმა საქართველოს რეპუტაცია დააზიანა – ნატა საბანაძე

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატა საბანაძე ამბობს, რომ საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა. ამის შესახებ მან საიას ონლაინ დისკუსიაზე ისაუბრა.

საბანაძის თქმით, საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანი იყო რეგიონში ევროკავშირის როლისთვისაც.

“ჩემი აზრით, საქართველო, მთლიანობაში, ბრიუსელში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს კონკრეტული კრიზისი, რა თქმა უნდა, საზიანო გამოდგა რეპუტაციისთვის. ევროკავშირი უმაღლეს დონეზე ჩაერია. სასწორზე იდო ევროკავშირის, როგორც სამეზობლო რეგიონში მოთამაშის როლი და მოხარული ვარ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა საკმაოდ შორს მიმავალი ნეგატიური შედეგები დამდგარიყო. აქ მთავარია შეთანხმების კეთილსინდისიერი იმპლემენტაცია და თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ წინ წავიწევთ ევროპული სტილის ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობაში. ვფიქრობ, ეს ევროინტეგრაციის გზაზე დიდად დაგვეხმარება”, — განაცხადა საბანაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ისე მომდაზება უნდა შეძლოს, რომ მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს უარის თქმისას მორალური დისკომფორტი შეექმნათ.

ევროკავშირში პოლიტიკური გარემო საკმაოდ რთულია, გაფართოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და ა.შ. ამიტომ საქართველომ, გამომდინარე იქიდან, სადაც ვართ, მიუხედავად რეგიონალური და სხვა გამოწვევებისა, უნდა შეძლოს შექმნას ძალიან ძლიერი მორალური სიტუაცია წევრობისთვის, იმისთვის, რომ სკეპტიკოსებმა მორალური დისკომფორტი უნდა იგრძნონ საქართველოს უარის თქმის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ სხვა კანდიდატებზე უკეთესი. ამის შემდეგ, ამ მორალური სიტუაციის შექმნის შემდეგ, შეგვიძლია შევუდგეთ სხვა — გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული საკითხების მოგვარებას”, — განაცხადა საბანაძემ.

ნატა საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

ბრიუსელში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი