ახალი ამბები

ბალტიური ქვეყნები ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ

23 აპრილი, 2021 • 824
ბალტიური ქვეყნები ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ

ბალტიური სახელმწიფოები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკისადმი სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებენ.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

“ჩემმა ლატვიელმა და ესტონელმა კოლეგებმა ქვეყნიდან გააძევეს თითო-თითო რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში.

ლიეტუვა დასახელების გარეშე, ასევე, გააძევებს ორ დიპლომატს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შპიონაჟში”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

საკუთარი თვითერის პოსტში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოუცხადა ჩეხეთს სოლიდარობა.

 


ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა უკავშირდება 2014 წელს ჩეხეთში აფეთქებულ ტყვია-წამლის საცავს, რაც, ჩეხური მხარის მტკიცებით, რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი იყო. აფეთქებას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

მომხდარის გამო, ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსეთის 18 ოფიციალური პირი. საპასუხოდ რუსეთის ფედერაციამ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

მოგვიანებით, ჩეხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა დაეტოვებინა 63 რუს დიპლომატსა და მათ ოჯახებს.

კრემლის განცხადებით, ჩეხეთის მოქმედებები “ისტერიაა”.

ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადა ნატომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი