ახალი ამბები

ერთი სული ჰქონდათ, შევარდნილიყვნენ პარლამენტში – ნათელაშვილი ოპოზიციაზე

22 აპრილი, 2021 •
ერთი სული ჰქონდათ, შევარდნილიყვნენ პარლამენტში – ნათელაშვილი ოპოზიციაზე

„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ იმ პოლიტიკოსებს, — ოპოზიციის წარმომადგენლებს, — ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან სურდათ პარლამენტში შესვლა.

„ვინც ახლა მოაწერა ხელი, პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ, შევარდნილიყვნენ პარლამენტში“, – განაცხადა ნათელაშვილმა 22 აპრილს ტვ პირველის ეთერში [სტილი დაცულია].

შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებების მაგიდა შეთანხმების მიღწევამდე, 17 მარტს დატოვა და განაცხადა:

„ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდზე, მაგიდასთან“…

6-კვირიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წარადგინა დოკუმენტი, სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელსაც არაერთმა დეპუტატმა მოაწერა ხელი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, შალვა ნათელაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წევრისა.

„ნეტგაზეთის“ კალკულაციით, პარლამენტარების მანდატების მქონე, სულ მცირე, 113 დეპუტატი ამ დოკუმენტს ხელს (მო)აწერს.

გირჩევთ:

ვინ დაითვლის ხმებს მომავალ არჩევნებში?

მასალების გადაბეჭდვის წესი