ახალი ამბები

მდინარაძე: ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დავუჭერთ

14 თებერვალი, 2022 • 962
მდინარაძე: ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დავუჭერთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიაში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ხვალ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას:

„უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი. ორ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ელენე ხოშტარია მეათე მოწვევის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარტია დატოვა და მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. ელენე ხოშტარია აცხადებდა, რომ ვინაიდან “ევროპული საქართველო” დატოვა, სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნოდა.

ამასთან, ხოშტარიას ხელი არ მოუწერია შარლ მიშელის დოკუმენტისთვის, რომლის საფუძველზეც ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა, პარლამეტში შევიდა.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 7 თებერვალს მხარი დაუჭირა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას გეგმავდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით განცხადებაც დაავრცელა:

„15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, ამით ისინი ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლებს შეუზღუდავენ კანონიერ უფლებას, ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლას გავაგრძელებთ“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტია“.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი