ახალი ამბები

ჯაფარიძის თქმით, შუალედური სტატუსის შემოღების ინიციატივა ევროპარლამენტარებს აქვთ

22 აპრილი, 2021 • 928
ჯაფარიძის თქმით, შუალედური სტატუსის შემოღების ინიციატივა ევროპარლამენტარებს აქვთ

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, თუკი ევროპარლამენტის წევრები მოახერხებენ, ევროკავშირმა შემოიღოს წევრობის შუალედური სტატუსი, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.

22 აპრილს “ლელომ” გაავრცელა ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ბადრი ჯაფარიძის კომენტარი, რომ “საქართველომ შესაძლებელია მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი”.

“დღეს ბრიუსელში გახმოვანდა ახალი ინიციატივა, რომ შემოიღონ საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის (ისე როგორც არსებობს საგზაო რუკა ნატო-ს წევრობისთვის) და ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, თუმცა წევრობის შუალედური სტატუსი არ არსებობს. პროცედურის თანახმად, გაწევრიანების მსურველი ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს უგზავნის ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ და ევროკავშირი წყვეტს, მიანიჭოს თუ არა განმცხადებელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთება დაანონსებული აქვს 2024 წლისთვის. კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, იწყება მოლაპარაკებების პროცესი, რომლის ვადები განსაზღვრული არ არის. მოლაპარაკებების ყველა თავის წარმატებით დახურვის შემდეგ, ფორმდება გაწევრიანების ხელშეკრულება.

ევროკავშირში გაწევრიანებას არ ითვალისწინებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს გაფორმებული აქვს, თუმცა მოიცავს ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაახლოების მაღალ დონეს.

22 აპრილს “ფორმულას” ეთერში ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ შუალედური სტატუსის ცნების შემოღება ჯერ ევროსტრუქტურების შიგნით არის შესათანხმებელი.

“ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარები მოახერხებენ, რომ გაჩნდეს ასეთი ცნება და ევროკავშირმა შემოიღოს შუალედური სტატუსი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, რომელიც გულისხმობს არა წევრობას, მაგრამ არის საგზაო რუკის ტოლფასი წევრობისკენ. ეს ჩვენ მოგცემს უზარმაზარ შანსს, როგორც ქვეყანას, რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირი აძლევს კანდიდატ ქვეყნებს. ამავდროულად, ჩვენ შანსი გაგვიჩნდება, მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის. ეს შუალედური სტატუსი და საგზაო რუკა იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი, თუმცა, პირველ რიგში, ჯერ თვითონ ასეთი სტატუსი უნდა იქნას მიღებული და ამისთვის დიდი ძალისხმევა იქნება მეგობრების მხრიდან და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ასეთ სტატუსს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელმა ევროპარლამენტარებმა გაახმოვანეს შუალედური სტატუსის იდეა, თუმცა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში “ლელომ” შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის წევრებთან: სვენ მიქსერთან, ანდრიუს კუბილიუსთან და ვიოლა ფონ კრამონთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი