ახალი ამბები

მელიას გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ – ელჩი დეგნანი

22 აპრილი, 2021 • 823
მელიას გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ – ელჩი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა ნიკა მელიას გათავისუფლების სხვადასხვა გზაზე.

22 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის „შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი“ და „პროცესი წინ მიდის“.

„მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა“, – თქვა ელჩმა და დასძინა:

„ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ“.

„ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა მან. ელჩის კომენტარების ქართულენოვან თარგმანს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ნაციონალურ მოძრაობის“ პოზიციით, შეთანხმებას პარტიის წევრი პარლამენტარები ხელს არ მოაწერენ მანამ, სანამ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში იქნება.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს ენმ-ის სათავო ოფისში სპეცრაზმის შესვლის შედეგად. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მელიას დაკავებამდე, მისი დაკავების ფორმაზე მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობის საფუძველზე დატოვა პოსტი.

ნიკა მელიას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ედება ბრალი — ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

ნიკა მელია

ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეშია – უდუმაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი