ვარკეთილში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები მუშაობის უფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. მათი განცხადებით, მერიის წარმომადგენლებმა ისინი გააფრთხილეს, რომ მუშაობის გასაგრძელებლად უნდა გადასულიყვნენ ვარკეთილში, ხანძრის შედეგად დამწვარ და შემდგომში აღდგენილ ბაზარში.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ერთი კვადრატული მეტრის ქირაობის ღირებულება 120 ლარია, რისი გადახდაც არ შეუძლიათ.
“ვერ გადავიხდით ქირას. მოგებაც არ გვექნება” ,— უთხრა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ნეტგაზეთს.
გარემოვაჭრეებს ნაწილი მეტროს მიმდებარედ მუშაობის გაგრძელების უფლებას აღდგომის დღესასწაულამდე ითხოვს.
მუნიციპალური ინსპექციის ადგილზე მყოფმა წარმომადგენლებმა ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გარემოვაჭრეები ტროტუარებს კეტავენ, მათთვის გამოყოფილია ადგილი ბაზარში და იქ უნდა გადავიდნენ. ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოუწევთ თუ არა გარემოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე ქირის საფასურის გადახდა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბაზარი კერძო საკუთრებაა და იქ გადასახადი იქნება. ამჟამად გარემოვაჭრეები მუშაობას აგრძელებენ.