„კარგად მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხენილი არავინ არ არის, ვინც იქ დგას, როგორც ბაზრობის გარეთ, ისე შიგნით… ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს უნდა ხდებოდეს ცივილურ ფორმაში“, – აცხადებს კახა კალაძე გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით.
20 ივლისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ „ბოლო პერიოდში მერიამ განახორციელა ცვლილებები მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით“.
კალაძის თქმით, გარევაჭრობა „კანონით დაუშვებელია“ და „კატეგორიულად მიუღებელია“, რის გამოც მერიამ „კონკრეტული ნაბიჯები“ გადადგა ვარკეთილში, სამგორსა და გლდანში მეტროს მიმდებარე სივრცეების მოსაწესრიგებლად.
„რამდენმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს მისცა გაფრთხილება და შეთავაზება, 10 დღის ვადაში გადავიდნენ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. მათი ნაწილი ამას დათანხმდა, თუმცა იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც აგრძელებდა სამუშაოს ბაზრობის გარეთ, რაც დაუშვებელია“, – განაცხადა კალაძემ.
ორიოდე დღის წინ „დეზერტირების ბაზრობასა“ და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეთა დახლები გაიტანა. მერიის თანახმად, ეს კონსტრუქციები უნებართვოდ იყო მოწყობილი.
„მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ მერიაში.