ახალი ამბები

სადგურის მოედანთან და ე.წ. დეზერტირების ბაზართან არსებული გარემოვაჭრეების დახლები მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა

30 მარტი, 2024 • 813
სადგურის მოედანთან და ე.წ. დეზერტირების ბაზართან არსებული გარემოვაჭრეების დახლები მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები დაშალა.

უწყების ცნობით, კონსტრუქციების აღებამდე მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს მოვაჭრეები, “უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ”.

“ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელისშეშლის ფაქტებიც. აგრეთვე ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ აქამდეც არაერთხელ დაშალა სხვადასხვა უბანში გარემოვაჭრეების მიერ მოწყობილი კონსტრუქციები. მიზეზად “იერსახის დამახინჯება” და “საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვა” სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი