ახალი ამბები

“მზეზე პროდუქტი გვიფუჭდება” — გარემოვაჭრეები ადგილის შეცვლას ითხოვენ

28 ივლისი, 2022 • 551
“მზეზე პროდუქტი გვიფუჭდება” — გარემოვაჭრეები ადგილის შეცვლას ითხოვენ

დღეს, 28 ივლისს, თბილისში, სადგურის მოედანთან, „ბავშვთა სამყაროს“ ყოფილი ტერიტორიის მიმდებარედ გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს.

ისინი ერთი კვირის წინ მუნიციპალურმა სამსახურმა თევდორე მღვდლის ქუჩიდან ამ ტერიტორიაზე გადმოიყვანა. გარემოვაჭრეები თევდორე მღვდლის ქუჩაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ ახალ ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ვაჭრობას ვერ ახერხებენ.

მათი თქმით, ძლიერი სიცხეების გამო პროდუქტი უფუჭდებათ, გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე ხალხიც ნაკლებად დადის, რის გამოც თითქმის ვერაფერს ყიდიან.

ადგილის შეცვლის ან ტერიტორიის გადახურვის მოთხოვნით მათ დღეს საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ერთ-ერთი გარემოვაჭრე გვიყვება, რომ ძირითადად ბანანს და ყველს ყიდდა, თუმცა ახალ ადგილას პროდუქტის გამოტანას ვერ ახერხებს, რადგან მზის გულზე ყველი გაუფუჭდება, ბანანი კი რამდენიმე დღის წინ გამოიტანა, თუმცა “წყლად იქცა”. მისი თქმით, 1 000 ლარის პროდუქცია უფუჭდება.

კიდევ ერთი გარემოვაჭრე, თეა ბერიძე ბოსტნეულს ყიდის. ის გვანახებს გაფუჭებულ პომიდორს და გვეუბნება, რომ დილით ეს პომიდვრები საღი იყო, სიცხის გამო კი მალე გაფუჭდა. ასევე გაფუჭდა კიტრი და ბადრიჯანიც.

“ამას ვინ იყიდის, შეხედეთ… იქ ჩრდილში მაინც ვიდექით. არავის არაფერს ვთხოვდით. აქ მოგვიყვანეს და დავსხედით. ხალხი არ არის, მზეზე ყველაფერი გვიფუჭდება, 8 დღეა უკვე ვერც წამალი მიყიდია და ვერც პური. აღარ ვიცით, რა ვიღონოთ”, — უთხრა თეა ბერიძემ ნეტგაზეთს.

მისი თქმით, გარემოვაჭრეები ასევე ითხოვენ, რომ რამდენიმე თვით მაინც მისცენ ძველ ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რადგან ამ პერიოდში დაგროვილი ვალების ნაწილობრივ გასტუმრება შეძლონ.

“ბანკის ვალები მაქვს მეც და ყველას. მე ყველა ვალი საჭმლისთვის ავიღე, პანდემიიდან მოყოლებული. სამი შვილი სკოლაში მყავს გასაშვები, არ ვიცი, რა გავაკეთო, საჭმელიც ვერ მიმაქვს სახლში”, – გვიხსნის ის.

თეა ასევე გვიყვება, რომ ძველ ტერიტორიაზე გაყიდული პროდუქტიდან დღეში 20-25 ლარი რჩებოდა, ახლა კი სახლში ვერაფრის წაღებას ახერხებს.

კიდევ ერთი გარემოვაჭრე, რომელმაც სახელისა და გვარის გამჟღავნება არ ისურვა, გვეუბნება, რომ თევდორე მღვდლის 11 ნომერში, თოდუას კლინიკასთან, 5 წელზე მეტი ვაჭრობდა, შემოსავალიც იმდენი ჰქონდა, რომ საკვებსა და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებზე ჰყოფნიდა.

“ერთი კვირაა აქ ვმუშაობ და ერთი ლარიც არ წამიღია სახლში. დღეს უკვე აღარ გავშალე დახლი, რა აზრი აქვს? ამ სიცხეში ყველაფერი ფუჭდება. ქოლგები გვქონდა თავიდან გაშლილი და ქარმა გაგვიფუჭა.

ქუჩიდან რომ აიყვან ადამიანს და ისევ ქუჩაში დასვამ, ეს ხომ დაკმაყოფილება არ არის.

რადგან უთქმელად ავდექით იქიდან, გვეგონა, რომ უკეთეს პირობებში წაგვიყვანდნენ, მაგრამ მოგვატყუეს”, – ამბობს ის.

გარემოვაჭრე გვაჩვენებს გაფუჭებულ ქოლგას

გარემოვაჭრის განცხადებით, მერიაში რამდენჯერმე დარეკა, რომ “ყურადღება მოექციათ”, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მათთან შესახვედრად არავინ მისულა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერია კარგ პირობებს არ შესთავაზებს, გარემოვაჭრეები კვლავ ძველ ადგილს დაუბრუნდებიან.

ჩვენ გავესაუბრეთ კიდევ ერთ გარემოვაჭრეს, 73 წლის გიული შეყილაძეს. მეორე ჯგუფის შშმ პირი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. პატარა დახლთან, სადაც წიწაკებს ყიდის, ყავარჯენიც უდევს, მზეს კი მუყაოთი იჩრდილავს. ამბობს, რომ გადაადგილება უჭირს და გასაყიდი წიწაკების მოტანაშიც სხვა გარემოვაჭრე ეხმარება.

გვეუბნება, რომ მზის გულზე პროდუქცია მალე უფუჭდება და დამჭკნარ წიწაკებს გვაჩვენებს.

“იქ ნაძვის ხის ჩრდილში ვიჯექი, ტერიტორიასაც არ ვანაგვიანებდით, ყოველთვის ვწმენდდით წასვლამდე. ვაჭრობაც უკეთესი იყო. ჩემით რომ დავეხმარო თავს, წამალი და პური ვიყიდო მოხუცმა ქალმა, იმის საშუალებასაც არ მაძლევენ.

აქ გაუსაძლისი პირობებია. წყალიც არაა ამ ტერიტორიაზე, მოგვაქვს ან ვყიდულობთ ხოლმე, მაგრამ მალევე ცხელდება ამ სიცხეში. ცუდადაც გავხდი, დიაბეტიანი ვარ, მოვკვდები და ეგ იქნება… ამნაირ სიცოცხლეს კი სჯობს მაინც”, – ამბობს გიული.

აქციის შემდეგ, ცოტა ხანში ადგილზე მივიდა მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი გიორგი ბერიაშვილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ გარემოვაჭრეებს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადმოყვანამდე რამდენიმე ბაზარში შესვლა შესთავაზეს შეღავათიანი პირობებით, რაც გარკვეული პერიოდით ადგილის უფასოდ მიცემას გულისხმობს, თუმცა ყველაფერზე უარი თქვეს. შემდეგ კი, დიდუბის გამგეობის და მიმდებარე ბაზრის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად, გარემოვაჭრეებს შესთავაზეს ადგილი, სადაც დღეს ვაჭრობენ.

“მუნიციპალურმა ინსპექციამ გაწმინდა ტერიტორია [სადაც გარემოვაჭრეები ადრე ვაჭრობდნენ]. იყო ანტისანიტარია, ქუჩაში, საგზაო ნაწილზე და საფეხმავლო ბილიკებზე ხდებოდა გარევაჭრობა და სწორედ ამისგან გავათავისუფლეთ ტერიტორიები…

მათ შევთავაზეთ არსებულ ბაზრობებზე და ბაზრებში განთავსება, თუმცა რიგ შემთხვევებში უარი გამოთქვეს, რის შემდეგაც გარემოვაჭრეები ამ ტერიტორიაზე განთავსდნენ. უარის მიზეზი ალბათ ის არის, რომ საფეხმავლო ბილიკზე სურთ ვაჭრობა”, – ამბობს ის.

თუმცა გარემოვაჭრეები ამ მიზეზს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მერიამ მათ ისეთ ბაზრობებში შესვლა შესთავაზა, სადაც არა საკვები, არამედ ტანსაცმელი და სხვა პროდუქცია იყიდება, შესაბამისად, იქ ვაჭრობას ვერ შეძლებდნენ.

“19 ივლისს გვითხრეს, რომ “ბორჯომში”, “თერგში” ან “კიდობანის” თავში დადექითო. სამივე ტანსაცმლის ბაზრობაა. იქ როგორ გაიყიდება ხილ-ბოსტნეული? უფრო ნორმალური, გადახურული ადგილი არ შემოუთავაზებიათ.

ჩვენ გვიხაროდა, გვეგონა, ქუჩიდან წავიდოდით და მოვშორდებოდით ამ სიცხეს და ყინვას. ჩვენ შევთავაზეთ “ბავშვთა სამყაროს” თავში სხვა ადგილი, მაგრამ იქ არ შეიძლებაო და დაგვყარეს აგერ.

ხილ-ბოსტნეულზე [სადაც იყიდება] რომ იყოს შემოთავაზება, ცოტა ხანი უჩეკოდ [გადასახადის გარეშე] დავდგებით კი, მაგრამ ბაზარი ჩეკს მაინც მოგვთხოვს”, – ამბობს თეო ბერიძე.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესაც. მისი თქმით, ჩამოთვლილი სამი ბაზრობის გარდა გარემოვაჭრეებს შესთავაზეს ე.წ. დეზერტირების ბაზარიც, რომელშიც საკვები პროდუქტები იყიდება. მისი თქმით, გარემოვაჭრეებმა ამ ადგილზეც უარის თქვეს და საბოლოოდ თავად აირჩიეს ის ტერიტორია, სადაც ახლა იმყოფებიან.

ძნელაძის განცხადებით, შეთავაზებები ყველგან ერთმანეთის მსგავსი იყო, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ქირის თანხას არ გადაიხდიდნენ, შემდეგ კი სხვა მოვაჭრეების მსგავსად დაიწყებდნენ გადახდას.

“გამგეობას მოლაპარაკება გვქონდა გარშემო რამდენიმე სავაჭრო ცენტრთან. ყველა მზად იყო ხალხის მისაღებად, იყო დახურულიც, ღიაც, კონდიცირებითაც, ყველანაირი არჩევანი ჰქონდათ. მათ თვითონ მოისურვეს ეს ადგილი და “ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციას ვთხოვეთ და რა ადგილიც მოითხოვეს გარემოვაჭრეებმა, ის დაუთმეს. ორი თვე იქნებიან უფასოდ და შემდეგ, როგორც ყველა პატიოსანი მოვაჭრე, ვინც ყველა გადასახადს იხდის, ასე გადაიხდიან ისინიც, როგორც კანონმორჩილი მოვაჭრეები.

თუ არადა, არის ძალიან ბევრი შეთავაზება გარშემო, ადგილები ყველგან არის და წავიდნენ, იქ ივაჭრონ. ქალაქის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობა თავის კანონიერ ვალდებულებას ასრულებს”, – განაცხადა ძნელაძემ.

რაც შეეხება გადახურვას, გამგებლის განმარტებით, გარემოვაჭრეებს თავად შეუძლიათ შესთავაზონ “ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციას, რომ გადახურონ აღნიშნული ტერიტორია, გამგეობა კი შუამდგომლობის ნაწილში დაეხმარება, თუმცა, რადგან კერძო ტერიტორიაა, გადახურვის ფინანსურ უზრუნველყოფაში ვერ ჩაერევა, რადგან ეს მათ უფლებამოსილებებს სცდება.

გარდა ამისა, ძნელაძემ “ნეტგაზეთთან” განმარტა ის მიზეზი, რატომაც არ ეძლევათ გარემოვაჭრეებს თევდორე მღვდლის ქუჩაზე დაბრუნება. მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ყოფნა ხელს უშლიდა ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც ანტისანიტარიის, ასევე გადაადგილების მხრივაც.

“ხალხის ცხოვრება გაუსაძლისი იყო იქ”, — ამბობს ძნელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი