ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაიდენი სომეხთა გენოციდის ფორმალურ აღიარებას აპირებს – მედია

22 აპრილი, 2021 • 1577
ბაიდენი სომეხთა გენოციდის ფორმალურ აღიარებას აპირებს – მედია

ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press-ის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს.

გამოცემის თანახმად, ამ ინფორმაციის წყარო ამერიკელი მაღალჩინოსნები არიან, რომელთაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს.

Associated Press-ის მიხედვით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსნმა გამოცემას განუცხადა, “რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ არ უცნობებია ოფიციალური ანკარისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ  და ბაიდენს ჯერ კიდევ შეუძლია შეიცვალოს დამოკიდებულება.”

აშშ-ში კანონმდებელთა ნაწილი და სომხური დიასპორა მხარს უჭერს გენოციდის აღიარებასა და მის გამოცხადებას გენოციდის ხსოვნის დღეს, ან ამ დღის შემდეგ, რომელიც ამ შაბათს აღინიშნება.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი გზა, თუ როგორ შეიძლება ბაიდენმა აღიაროს სომეხთა გენოციდი, არის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში სიტყვა “გენოციდის” პირდაპირი გამოყენება, რასაც ერიდებოდნენ მისი წინამორბედი პრეზიდენტები და ამის ნაცვლად იყენებდნენ სხვადასხვა ფრაზებს, მაგალითად, “ბნელი მომენტი ისტორიაში”.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის 100-ზე მეტმა წევრმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნა საერთო წერილი, სადაც მოუწოდეს, რომ აღიაროს სომეხთა გენოციდი.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრის, ადამ შიფის განცხადებით, “სამარცხვინო სიჩუმე, რომელსაც ამერიკის მთავრობა იჩენს სომეხთა გენოციდის ისტროიული ფაქტის მიმართ, უკვე ძალიან შორს წავიდა და აუცილებლად უნდა დასრულდეს”.


ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი 2019 წელს, სირიაში თურქეთის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების პარალელურად, აღიარა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია სენატის კენჭისყრამდე არ მისულა. რეზოლუცია რესპუბლიკელმა ლინდი გრემმა დაბლოკა.

ოფიციალური ანკარა უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიაში ადგილი ჰქონდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გენოციდს. თურქეთი ტრადიციულად მწვავედ აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ სომეხთა გენოციდს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი