ევროპარლამენტარები, სვენ მიქსერი, მარინა კალიურანდი და ვიოლა ფონ კრამონი, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები მიესალმებიან დოკუმენტზე ხელმოწერას და მიაჩნიათ, რომ შეთანხმების ტექსტი არის “პოლიტიკურად დაბალანსებული და პასუხობს საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოთხოვნებს”.
“[შეთანხმების] ახალი ტექსტი დაფუძნებულია სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინა დოკუმენტზე, რომელიც უფრო სრულყოფილად პასუხობს პოლიტიზებული მართლმსაჯულების, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და სასამართლო რეფორმის საკითხებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს შემოთავაზება არის პოლიტიკურად დაბალანსებული და პასუხობს საქართველოს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს. ის გვთავაზობს გზას ახლანდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისთვის და შეუძლია დაგვეხმაროს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში, რომელმაც დიდი ხანია, მოწამლა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება.
წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას, ამგვარად, თანხვედრაშია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან”, — ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ისინი ასევე მოუწოდებენ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, რომ “აჩვენონ მსგავსი სიმამაცე საქართველოს სასიკეთოდ”.
ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოო დასრულებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი მთლიანად ფუნქციონირებადი გახდება და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილ შესრულებას.
ევროპული პარლამენტი კვლავ მზადაა გააგრძელოს თავისი მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიაციის გზით”, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.