ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს კორონავირუსის საწინააღდმეგოდ შექმნილი mRNA ვაქცინის მწარმოებლებს, ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია გაუზიარონ ისეთ მწარმოებლებს, რომლებიც ვაქცინებს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის მოამზადებენ. ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრესიუსმა 20 აპრილს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გებრეისუსის თქმით, ჯანმომ გამოხატა სურვილი, შეიქმნას ჰაბი, რომლის მიზანიც იქნება ვაქცინების შექმნის ტექნოლოგიის გაზიარება სხვადასხვა მწარმოებლებს შორის, რათა ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც დაბალი, ისე საშუალეშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
“ჩვენ მოვუწოდებთ mRNA ვაქცინის მწარმოებლებს [ასეთ ვაქცინებს ამ დროისათვის მხოლოდ “მოდერნა” და “ფაიზერი” აწარმოებენ], თავიანთი ნოუ ჰაუ და ტექნოლოგია გადასცენ ცენტრალურ ჰაბს, ასევე, დაბალი და საშუალეშოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინების მწარმოებლებს, რომლებმაც ამისი სურვილი გამოთქვეს” , — თქვა გებრესიუსმა.
ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმითვე, არსებოს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ რამდენიმე თვეში კორონავირუსის პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს.
“ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ამ პანდემიის რამდენიმე თვეში კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, თუ მათ თანმიმდევრულად და სამართლიანად გამოვიყენებთ”, — განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 5.2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიას მსოფლიოში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა.